ფილმებისა თუ სერიალების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსპირაცია ყოველთვის იყო ლიტერატურა: უმრავი ცნობილი კინოსურათი თუ სატელევიზიო შოუ სხვადასხვა ლიტერატურული პირველწყაროს მიხედვითაა გადაღებული.

ეს ფაქტი მკითხველების დიდ ნაწილს აღაფრთოვანებს, რადგან ის, რაც წიგნების ფურცლებიდან შეიგრძნეს, შეუძლიათ ეკრანზე გაცოცხლებულიც იხილონ. თუმცა, მათი ნაწილი ხშირად სკეპტიკურადაა განწყობილი მსგავსი წამოწყებების მიმართ, რადგან მიაჩნიათ, რომ რთულია, ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი ყველა ღირსება ეკრანზე სათანადოდ წარმოჩინო.

გიგანტი სტრიმინგ სერვისის, ნეტფლიქსის მრავალფეროვან პროდუქციას შორის, რა თქმა უნდა, არაერთ ეკრანიზაციასაც გადაეყრებით. ახლა კი სწორედ იმ ფილმებისა და სერიალების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ცნობილი წიგნების მიხედვით გადაიღეს და მათი ხილმა ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ.

1. Gerald's Game სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

რომანტიკული თავგადასავლის საზარელ კოშმარად გადაქცევა ვის გამოუვიდოდა უკეთ, თუ არა სტივენ კინგს. თუ საშინელებათა ჟანრი გიტაცებთ, მაშინ ეს ფილმი არ უნდა გამოტოვოთ, თუნდაც გასაოცარი კარლა გუჯინოს შესრულების გამო.

2. The Last Thing He Wanted — ჯოან დიდიონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

1996 წელს გამოქვეყნებული რომანის ამ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი, უილემ დეფო და ბენ აფლეკი ასრულებენ. შესაბამისად, ამ ჩამთრევი კრიმინალური ისტორიის ხილვა ამ სამსახიობო გუნდის გამოც კი ღირს.

3. The Willoughbys — ლოის ლოურის ნაწარმოების მიხედვით

ანიმაციები თუ გიყვართ, ნეტფლიქსის ეს ახალი ეკრანიზაცია აუცილებლად უნდა ნახოთ. თანაც ამ ანიმაციაში ისტორიის მთხრობელი კატაა, რომელსაც რიკი ჯერვეისი ახმოვანებს, შესაბამისად, გართობა ნამდვილად არ მოგაკლდებათ.

3. Lost Girls — რობერტ კოლკერის New York Times-ის ბესტსელერი წიგნის მიხედვით

ვისაც თრილერის ჟანრი და მისტიკური ისტორიები იტაცებს, რეჟისორ ლიზ გარბუსის ეს ფილმიც დააინტერესებს, რომელიც სასოწარკვეთილი დედის მიერ დაკარგული შვილის ძიებაზე მოგვითხრობს.

4. All the Bright Places — ჯენიფერ ნივენის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

ამ ფილმში მთავარ როლს ელ ფენინგი ასრულებს და ის ამერიკის პატარა ქალაქში ორი თინეიჯერის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლებიც წარსული ტრავმებით იტანჯებიან.

5. Outlander — დიანი გებლდონის წიგნების სერიის მიხედვით

ეს სერიალი ჟანრების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ის ერთდროულად აერთიანებს ისტორიულ დრამას, რომანტიკასა და ფენტეზს. შესაბამისად, მაყურებელს მოწყენის საშიშროება არ ემუქრება. თანაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მეხუთე სეზონი და შემდეგი სეზონის გამოსვლამდე შეგიძლიათ ყველა ეპიზოდი მშვიდად ნახოთ.

6. The Witcher — ანდრეი საპკოვსკის წიგნების სერიის მიხედვით

ამ სერიალის შესახებ, ალბათ, აქამდეც გსმენიათ — ის ნეტფლიქსზე ყველაზე პოპულარული სერიალია. თუ აქამდე არ გინახავთ და რამე მძაფრსიუჟეტიან, ჩამთრევ სანახაობას ეძებთ, აუცილებლად უნდა მისცეთ შანსი ჰენრი კავილის მიერ განსახიერებული ამ მონსტრებზე მონადირის თავგადასავალს.

7. Self Made: Inspired by the Life of Madam C. J. Walker — ალაილა ბანდლსის რომან On Her Own Ground-ის მიხედვით

ოქტავია სპენსერის მონაწილეობით ეს სერიალი აშშ-ში პირველი შავკანიანი ქალის საოცრად ემოციური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავისი ბიზნესით მილიონერი გახდა.

8. A Series of Unfortunate Events — ლემონი სნიკეტის წიგნების სერიის მიხედვით

ერთი შეხედვით ეს სერიალი მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ლემონი სნიკეტის ცნობილი წიგნების მსგავსად მასშიც იმდენი დოზითაა უჩვეულო იუმორი, რომ მისი ყურებით ნებისმიერი ასაკის მაყურებელი ისიამოვნებს.

9. Alias Grace — მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

ვინც მარგარეტ ეტვუდის შემოქმედებას იცნობს, იცის, რომ მისი ამბების კამერის წინ სათანადოდ გაცოცხლება სულაც არ არის მარტივი საქმე. თუმცა The Handmaid's Tale-ის შემქმნელებმა ეს მაინც მოახერხეს, ნეტფლიქსზე კი ეტვუდის კიდევ ერთი ცნობილი წიგნის მიხედვით გადაღებული ამ საინტერესო სერიალის ხილვა და შეფასება შეგიძლიათ.

10. The Haunting of Hill House — შირლი ჯექსონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ეკრანიზაციები ძნელად თუ ახერხებენ მკითხველების მოლოდინების გამართლებას, თუმცა ეს შოუ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ პირველწყაროსაც კი აჯობა.

11. Anne With an E — ლუსი მონტგომერის Anne of Green Gables-ის მიხედვით

ნეტფლიქსის ბოლო დროის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალი კანადელი მწერლის 1908 წელს გამოქვეყნებული საბავშვო კლასიკის მიხედვით გადაიღეს.

12. Altered Carbon — რიჩარდ მორგანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

Altered Carbon სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული სერიალია, რომლის მეორე სეზონიც ნეტფლიქსზე წელს გამოვიდა. როგორც მაყურებლები ამბობენ, მეორე სეზონი პირველს ბევრად ჩამოუვარდება, თუმცა სჯობს, თავად შეაფასოთ.

13. You — კაროლაინ კეპნესის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით

უჩვეულო სასიყვარულო ისტორიები და სერიული მკვლელების შესახებ გადაღებული სერიალები თუ გიტაცებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ You, რომლის უკვე ორი სეზონია ხელმისაწვდომი ნეტფლიქსზე.

14. Unorthodox — დებორა ფელდმენის ამავე სახელწოდების მემუარების მიხედვით

ამ ოთხეპიზოდიანი მინისერიალის პრემიერა წელს შედგა და მასში მოთხრობილმა ებრაელი გოგოს სულისშემძვრელმა ისტორიამ მილიონობით მაყურებელი მალევე მოხიბლა.

15. Orange Is the New Black — პაიპერ კერმენის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით

ნეტფლიქსის ეს პროექტი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალია, რომელიც ციხეში ქალების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ეს შოუ თავისი მრავალფეროვანი პერსონაჟებით გამოირჩევა და მათი განსხვავებული ისტორიებით ერთდროულად ეცნობით ტრაგიკულ, კრიმინალურ და რომანტიკულ ამბებს.