პანდემიით დაუძლურებული მსოფლიო მოთმინებით ელოდება დროს, როცა ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად მიღებული პრევენციული ზომები მოიხსნება.

შესაძლოა, რომ ყველა პრევენციული ზომა და კარანტინი ერთბაშად გარკვეული პერიოდი კიდევ არ გაუქმდეს თუმცა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგი შეზღუდვის მოხსნას ახლო მომავალში გეგმავენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დონალდ ტრამპის განცხადებების საპასუხოდ, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვების მოხსნისთვის მზად არცერთი შტატი არ არის. ეპიდემიოლოგიის წამყვანი ექსპერტი და აშშ-ის მთავრობის მრჩეველი ენტონი ფაუჩი, სენატში პრევენციული ზომების ნაადრევი გაუქმების საფრთხეს ხედავს.

ორშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეზღუდვების მოხსნის თაობაზე განცადება გაავრცელა. WHO-ს მიხედვით, პრევენციული ზომების გაუქმებამდე, მთავრობამ სამ მთავარ შეკითხვას უნდა უპასუხოს:

  1. არის თუ არა ეპიდემია კონტროლირებადი?
  2. შეუძლია თუ არა ჯანდაცვის სისტემას კორონავირუსის ინფექციის ახალი შემთხვევების აღმოცენებასთან გამკვლავება?
  3. შეუძლია თუ არა საჯარო ჯანდაცვას დააფიქსიროს ინფიცირების ახალი შემთხვევები და გააკონტროლოს ინფიცირებულთა კონტაქტები?

საიდუმლო არ არის, რომ ზოგი ქვეყნის საჯარო ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირებას და ინფიცირებულთა გადაადგილების და ურთიერთობების კონტროლს უკეთ ახერხებს. ამის ნათელი მაგალითი სამხრეთ კორეაა.

პრევენციული ზომების ისეთ ქვეყნებში მოხსნის შემთხვევაში, სადაც ზემოხსენებული პუნქტები არ კმაყოფილდება, შედეგები შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.

WHO-ში ამბობენ, რომ პრევენციული ზომების და კარანტინის გაუქმების შემდეგ ადამიანებს შორის ფიზიკური ინტერაქცია მრავალჯერადად გაიზრდება, რაც ინფექციების ახალ შემთხვევებს გარდაუვალს ხდის. სწორედ ამიტომ მთავრობები საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ.

"ვირუსის ტრანსმისიის რისკი სავარაუდოდ გაიზრდება. მთავარი კითხვაა, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ კლასტერები იკვლიოს და მიზნობრივი შეზღუდვები განახორციელოს", — ამბობს WHO-ს წარმომადგენელი მაიკ რაიანი.