ბოლო თვეების განმავლობაში რიზ უიზერსპუნმა ჯერ Apple-ის სტრიმინგ სერვისის მაყურებლები გააკვირვა სასიამოვნოდ The Morning Show-ში მონაწილეობით, შემდეგ კი Hulu-ს გახმაურებულ ახალ პროექტში Little Fires Everywhere. როგორც ჩანს, ის აპირებს ყველა ცნობილი სტირიმინგ სერვისი დაიპყროს და მალე ნეტფლიქსის ორ ახალ ფილმშიც ვიხილავთ.

Your Place or Mine და The Cactus ერქმევა მომავალ ფილმებს, რომლებშიც უიზერსპუნი მთავარ როლს შეასრულებს. ორივე ფილმი რომანტიკული კომედიაა და ვისაც მისი როლები ახსოვს მსგავსი ჟანრის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა Election, This Means War, Home Again და Legally Blonde, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ საინტერესო სანახაობა გველის.

ფოტო: Metro-Goldwyn-Mayer Studios

Your Place or Mine ორი საუკეთესო მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საერთო მეგობრის ვაჟზე მზრუნველობას საკუთარ თავზე აიღებენ. ფილმის სცენარისტი ალინ ბროშ მაკკენა იქნება, რომელსაც აქამდე ისეთი ცნობილი ფილმების სცენარებზე უმუშავია, როგორებიცაა Crazy Ex-Girlfriend და The Devil Wears Prada. აღსანიშნავია, რომ ფილმს თავად ბროშ მაკკენა გადაიღებს, რაც მისი პირველი რეჟისორული ნამუშევარი იქნება.

მეორე ფილმს The Cactus კი სარა ჰეივუდის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით იღებენ და მისი სიუჟეტური ხაზი მთავარი გმირი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელიც 45 წლის ასაკში დაუგეგმავად დაფეხმძიმდება და თავის ცხოვრებას ხელახლა გადააფასებს.

ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები ამ ორი ფილმის შესახებ ან მათი გამოსვლის თარიღი, თუმცა უიზერსპუნის ბოლო პერიოდის ერთმნეთზე უფრო საინტერესო როლებს თუ გავიხსენებთ, დალოდება ნამდვილად ღირს.