საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელ TikTok-ზე ოკუპირებული ტერიტორიების ცალკე ქვეყნებად მოხსენიების საკითხზე მუშაობენ. ამ თემაზე კომენტარი უწყებამ გაავრცელა.

"არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით", — აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა უწყება აცხადებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მთავარი პრიორიტეტია. გუშინ, 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ TikTok-ის აპლიკაციაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი. ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში მათ ცალკე სატელეფონო კოდიც აქვთ მითითებული.

ფოტო: სქრინი აპლიკაციიდან

აპლიკაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამატების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქით ზვიად აძინბაიამ გაავრცელა. TikTok-ის აპლიკაცია 2016 წელს შეიქმნა და მას 150 ქვეყანაში 500 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.