ონლაინ მედია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს. გამოცემებმა ერთი დღით Facebook-ზე Cover-ის ფოტო შეცვალეს წარწერით: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".

აქციას შეუერთდა On.ge-ც. Cover-ის ფოტო შეცვალეს პუბლიკამ, ნეტგაზეთმა, ბათუმელებმა, ტაბულამ, ინტერპრესნიუსმა, OC Media-მ, რუსთავი 2-მა, TV 25-მა, სამხრეთის კარიბჭემ, Palitravideo-მ, ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა, TOK TV-მ, გურია TV-მ და სხვებმა.

გამოცემების ფეისბუქ გვერდებზე ახალი ფოტო დღის ბოლომდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, აჭარის ტელევიზიის ჟრნალისტებისადმი სოლიდარობის ნიშნად მაუწყებლობა ერთი წუთით გათიშეს ტელევიზიებმა. აქციას 15-ზე მეტი ეროვნული და რეგიონული მაუწყებელი შეუერთდა. მათ შორის არ იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, რუსთავი 2 და მაესტრო.

აქცია კოალიციის "მედიის ადვოკატირების" ინიციატივით იმართება და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენებაა.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

კერძოდ, კოხრეიძემ უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. 19 თებერვალს კი გაუუქმა თანამდებობა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს მან სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.

4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა მათი პოზიცია ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა.

6 მარტს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს. დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანი საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე "ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია".

13 მარტს კი ბაკურიძე დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად შინაგანაწესის უხეში დარღვევა დაასახელა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და აპირებს ამ თემაზე დავა გააგრძელოს. სასამართლოში თეონა ბაკურიძის და აჭარის ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების უფლებებს EMC დაიცავს. ბაკურიძე ამჟამად TV პირველის ჟურნალისტია.

21 აპრილს ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს აფეისბუქზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო ახალმა ხელმძღვანელობამ ეთერში გასვლა და რეპორტიორობის უფლება შეუწყვიტა. დირექციას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის გამოხატვამ ტელევიზიის იმიჯი დააზიანა. თურმანიძისადმი მხარდამჭერი პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი. ის ალტერნატიულ პროფკავშირს ხელმძღვანელობს, რომელიც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებს.