ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა რაჭის ჰესების კასკადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემხრობა მართებულ ადგილას, მართებული ჰესის მშენებლობას, თუმცა აღნიშნავს, რომ რაჭას არა ჰესების კასკადი, არამედ დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება.

ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს:

"კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ უნდა გვახსოვდეს, როცა ჰესებზე ვსაუბრობთ: რა ინვესტიციაც გინდა მოჰქონდეს მას, ჰესი დროებითი ნაგებობაა, ბუნება კი მუდმივია და ხანგრძლივვადიანი ხედვით მას უამრავჯერ მეტი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის, ვიდრე ნებისმიერ ტექნიკურ-ინფრასტრუქტურულ წარმონაქმნს. თუმცა, გასაგებია, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარება ესაჭიროება და ამისათვის მოკლე და საშუალოვადიანი გეგმებიც მნიშვნელოვანია".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით და ქვეყანამ ამით უნდა ისარგებლოს, მაგრამ რაჭა და მდინარე რიონი მართებული ადგილი არაა:

  • რეგიონში ზოგადად სეისმურად მეტისმეტად მგრძნობიარე გეოეკოლოგიური ბალანსია, რაც ზრდის მოვლენების შესაძლო კატასტროფული განვითარების რისკს;
  • რიონის ჭალებს საერთაშორისო ეკოსისტემური მნიშვნელობა აქვს (ადგილსამყოფელების/ ჰაბიტატების ეს ტიპი ბერნის კონვენციის შესაბამის ნუსხაშია შეტანილი);
  • რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემაა — ის ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ ხდება გლობალურად კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება;
  • ზიანი მიადგება გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რომელიც ამ რეგიონში უნიკალური აგრო-ბიომრავალფეროვნებით და ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობითაა გამოსახული, სახელდობრ — ვაზის უიშვიათესი, მსოფლიოსთვის უნიკალური ჯიშებით.

ფონდის განცხადებით, კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყნების სახმელეთო ტერიტორიის საშუალოდ 17% მოცული უნდა იყოს დაცული ტერიტორიებით:

"საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის მიზანი გაცილებით უფრო მოკრძალებულია: დღეისთვის დაცული ტერიტორიები უნდა ფარავდეს საქართველოს საერთო ფართობის 12%-ს; ანუ კონვენციის 17%-დან კი არა, ჩვენ მიერვე დასახული და მთავრობის მიერ დამტკიცებული მიზნისგანაც ძალიან შორს ვართ. დღეს დაახლოებით 9% გვაქვს".

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რაჭაში ეროვნული პარკის მოწყობით დაცული იქნება ბუნება, გასხვისდება მიწა, ხალხი შეშით თუ სხვა ბიოლოგიური რესურსით დაკმაყოფილდება. ამასთან, ადგილობრივები დასაქმდებიან და ეროვნული პარკი ტურისტებს მოიზიდავს.

"პარკი დაიგეგმა, შემდეგ ხელისუფლების ტექნიკური ნაწილის მოთხოვნით გადაიგეგმა და მაინც დღემდე არ დაარსდა. ამავე მდგომარეობაშია რამდენიმე სხვა დაცული ტერიტორიაც: ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხელისუფლების ტექნოკრატიული ნაწილი ბლოკავს დაცული ტერიტორიებს სისტემის განვითარებას საქართველოში. მიუხედავად ამისა, იმედს არ ვკარგავთ, რომ არსებული შეფერხება დროებითია და საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და დაარსების სამუშაოები წარმატებით გაგრძელდება", — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

12 მაისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ონის კასკადის მშენებლობას გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ბუნებაში მინიმალური ინტერვენციები იგეგმება. მისივე თქმით, ჰესის აშენების ერთ-ერთი პირობაა, რომ შენარჩუნდეს რაჭის მინერალური წყლები და სამუშაოებმა მათზე ზემოქმედება არ უნდა იქონიონ.