ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, ტედ პომ, სენატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველო ყველაზე თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად იქცა რეგიონში.

კონგრესმენმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მიერ განვლილი გზა გაიხსენა და განმარტა, რომ ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი და დემოკრატიული საზოგადოება შექმნა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მედიის თავისუფლების მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს რეგიონში.

პომ ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასაც. მისი თქმით, 2008 წელს ის ჩამოსული იყო საქართველოში და რუსეთის ტანკები თავად იხილა:

"რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი ახლაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული. დიქტატორმა პუტინმა იცის, თუ საქართველოში წარმატებული დემოკრატია იქნება, მაშინ საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ ამ გზაზე დადგომის სურვილი".

კონგრესმენმა ასევე გაიხსენა საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის მისწრაფებას, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს, ემხრობა.

პომ საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილიც აღნიშნა და განაცხადა, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველოს ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი:

"33 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამერიკელ მებრძოლებთან ერთად. 900 ქართველი ჯარისკაცი კი ისევ იბრძვის ავღანეთში".

პომ ისაუბრა საქართველოში ბიზნესის წამოწყების სიმარტივესა და თავისუფალ ბაზარზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს იმ 25 ქვეყნის სიაშიც შეიყვანა, რომელშიც ბიზნესის წამოწყება მარტივია. მისი განმარტებით, სწორედ კორუფციის დაბალი მაჩვენებლისა და გამარტივებული საგადასახადო სისტემის გამო, ამერიკელ კომპანიებს გაუჩნდათ სურვილი სწორედ აქ განეხორციელებინათ ინვესტიციები.

მისი თმით, აშშ-მ და საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას:

"აშშ-მ საქართველოს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება, რომ ის აშშ-ს მნიშვნელოვანი მეგობარია".

კონგრესმენი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის საქართველომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებიც მოიწვია.

სიტყვის დასასრულს, კონგრესმენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეროვნული ინტერესია, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებსა და მის გზას თავისუფლებისაკენ.