ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესი მამოძრავებელი სტიმული ანაკლიის პორტისა და მისი მიმდებარე ეკონომიკური ზონების განვითარება იქნება. როგორც კონსორციუმის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

"საბედნიეროდ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის
ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით და ამით მიღწეული იქნას საერთო მიზანი, რომ სწრაფად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკონომიკა გამოვიდეს კრიზისიდან", — ნათქვამია განცხადებაში.

კონსორციუმში ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობასთან საარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო. ამასთან ისინი მზად არიან თავიდან აირიდონ საარბიტრაჟო წარმოება და მთავრობასთან ერთად მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები და მუშაობა გააგრძელონ:

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გლობალურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების გადატანა სხვა ქვეყნებში".