ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია ქალაქ უხანში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის პანდემია, მთელი მოსახლეობის, 11 მილიონი ადამიანის ტესტირებას აპირებენ. ქალაქის მთავრობამ უკვე მოითხოვა რაიონების ხელმძღვანელებისგან, რომ მოქალაქეების 10 დღეში ტესტირების გეგმა წარადგინონ.

დოკუმენტის თანახმად, ტესტირებისას პრიორიტეტი ენიჭებათ ხანშიშესულებსა და მჭიდრო დასახლებებში მაცხოვრებლებს.

ბოლო რამდენიმე დღეში უხანში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა შემთხვევა ერთ წყაროს — მრავალბინიან სახლს უკავშირდება. უხანში კარანტინი 8 აპრილს მოიხსნა, ხოლო ახალი შემთხვევა 3 აპრილიდან აღარ დაფიქსირებულა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის 83 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4,6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის რამდენიმე ექსპერტი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა რთულად შესასრულებელი და ძვირადღირებული იქნება. უხანის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პენ ჩჟიონი ამბობს, რომ ტესტი სამედიცინო პერსონალს, რისკ ჯგუფებსა და იმ ადამიანებს უნდა გაუკეთონ, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

ამავე დროს, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ 3-5-მა მილიონმა ადამიანმა უკვე გაიკეთა ტესტი და დანარჩენი მოსახლეობისთვის ტესტირების ჩატარება გაადვილდება.