ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, აგროწარმოებისთვის ახალი საბანკო შეღავათები დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთწლიანი კულტურებისთვის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება.

"ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ საკრედიტო ინსტრუმენტით ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა. 5 000-დან 100 000 ლარამდე სესხებია განსაზღვრული ამ პროექტის ფარგლებში, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. ფაქტობრივად ეს არის უფასო ფული და მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი. აღსანიშნია ისიც, რომ უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო 50 პროცენტს ფარავს. ამ შემთხვევაშიც კრედიტუნარიანობას ვუზრდით ფერმერებს", — განაცხადა დავითაშვილმა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი

დავითაშვილის განმარტებით, ძირითადი საშუალებებისა და ლიზინგის კომპონენტი არის ძირითადი კომპონენტი, რომელიც აქამდეც იყო აგროკრედიტის ფარგლებში. მისი თქმით, ეს გულისხმობს ძირითადი საშუალებების შეძენაზე იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობას, რაც აუცილებელი იმისთვის, რომ ბიზნესს მეტი ტექნიკური საშუალება ჰქონდეს და უფრო კონკურენტული იყოს.

მისივე თქმით, დაემატა სასურსათო მრეწველობის კომპონენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის ზრდას და საწარმეობის მოდერნიზებას.

"ჩვენ ბევრი გვქონდა აქცენტი თვითუზრუნველყოფის ზრდაზე, იმაზე, რომ მეტი ადგილობრივი პროდუქცია იწარმოოს, ამ პერიოდში ბევრი იყო ამაზე დისკუსია და საუბარი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას და სადაც ახალი მიზნობრიობები დაემატა ისეთი, როგორიც არის პროდუქტების წარმოება და ჩვენი არსებული მეურნეობებისა და საწარმოების მოდერნიზება, გათანამედროვება

ეს არის მაკარონის წარმოება, ღვინის ინდუსტრია და ა.შ. შედარებით მსხვილი სასურსათო ინდუსტრიები, რომელბიც მიიღებენ ასეთ საკრედიტო დახმარებას", — განაცხადა მან.

დავითაშვილის თქმით, პროექტის ბიუჯეტი 75 მილიონამდე იყო განსაზღვრული და მას ემატება დამატებითი რესურსები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რაც 80 მილიონ ლარზე მეტის თანადაფინანსებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: