ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშენიძის მტკიცებით, არავინ საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფო სხვა კონფესიებსაც აფინანსებს. TV პირველთან ინტერვიუსას მიტროპოლიტი ამით სახელმწიფოს მიერ ათეულობით მილიონი ლარით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებას გამოეხმაურა. TDI-ს შეფასებით, ამასთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე გაცემული თახნა.

"ყველას შეუძლია შევიდეს საიტზე და ნახოს, რაში იხარჯება ეს თანხები. არაფერი არ გვაქვს ჩვენ დასამალი, ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. მარტო საქართველოს [მართლმადიდებელი] ეკლესია არ ფინანსდება. სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სხვა კონფესიების წევრებიც. რატომღაც იმათზე არაა საუბარი და არავინ იძახის, რომ სხვა კონფესიებიც ფინანსდებიან", — ამბობს მიტროპოლიტი.

TDI-ს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან 2013-მდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ყველაზე მეტ თანხას მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აძლევს. მათივე თქმით, საპატრიარქოს დაფინანსებაში ზრდის დინამიკა შეიმჩნევა. კერძოდ:

  • 2013 — 29 220 350 ლარი;
  • 2014 — 32 019 399 ლარი;
  • 2015 — 31 153 900 ლარი;
  • 2016 — 30 201 015 ლარი;
  • 2017, 2018 და 2019 წლებში — დაახლოებით, 28 მილიონ ლარი;
  • TDI-ის განცხადებით, 2019 წლის მონაცემები მთავრობის კანცელარიამ არ მიაწოდა.

ამავდროულად, TDI-ს განცხადებით, საგრძნობლად დაბალია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე გაცემული თახნა. კერძოდ, ოთხ რელიგიურ გაერთიანებას — მუსლიმ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემებს — საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისთვის გამოეყო შემდეგი თანხა:

  • 2014 — 1 750 000 ლარი;
  • 2015 — 4 200 000 ლარი;
  • 2016 — 4 500 000 ლარი;
  • 2017 — 4 500 000 ლარი;
  • 2018 — 4 500 000 ლარი;
  • 2019წ — 4 500 000 ლარი.

ორგანიზაციის ცნობით, საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI აცხადებს, რომ მათი და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

ორგანიზაციის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიების საპირისპიროდ, სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.

ამავე თემაზე: