2020 წლის 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (Foreign Affairs Council) მიიღო დასკვნითი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. დოკუმენტი შეფასებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში და სახავს მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. მისივე თქმით, სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს.

დავით ზალკალიანის თქმით, დოკუმენტში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი. დოკუმენტში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, ხოლო ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების კუთხით, გამოყოფილია როგორც პრიორიტეტი. მინისტრის ინფორმაციითვე, დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავების აუცილებლობა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვა და შავი ზღვის რეგიონი.

"რაც ყველაზე მთავარია, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის და ჩვენ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია იქნება ყოვლისმომცველი და დაფარავს ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად მიმართულებას", — აღნიშნა დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული დასკვნითი დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ამასთან, დოკუმენტი ეხება საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხრიდან პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.