ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ პოლიტპატიმების შეწყალება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, უადგილოს, უტაქტოს, უშინაარსოსა და უდროოს უწოდებს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, პრაგმატული და პოლიტიკური თვალსაზრისითაც გაუგებარია, რას ემსახურებოდა ეს განცხადება.

მან ასევე აღნიშნა, რომ განცხადების შედეგად, მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დისკუსიაში, იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, "რადგანაც ეს შეთანხმების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო".

"აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ — დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპაატიმრები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო, უდროო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას და ყველა მის ლიდერს", — თქვა ვაშაძემ.

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.

ოპოზიციის საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.

დისკუსიას გამოეხმაურნენ საელჩოებიც. მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, "რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ შეთანხმების საბოლოოდ შესრულება აუცილებელია. განცხადება გააკეთა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც. სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოსგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს".

8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.