Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აკრძალვების მიუხედავად იგი კალიფორნიაში მდებარე ქარხნას ხსნის. რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ Tesla-ს ქარხანა 23 მარტს დაიკეტა.

"თუკი ვინმე უნდა დააპატიმრონ, ეს მხოლოდ მე უნდა ვიყო", — განაცხადა მან.

მასკი დიდი ხანია, რაც ოფიციალური წარმომადგენლების მიერ COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიღებულ მკაცრ ზომებს ეწინააღმდეგება. აკრძალვების თანახმად, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირველადი საჭიროებების გარდა ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა დაუშვებელია.

მასკმა ახლახან ალამედას ოლქს სასამართლოში უჩივლა, ორშაბათს კი გუბერნატორმა გევინ ნიუსონმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ოლქთან და კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, რომ Tesla უახლოეს კვირებში საქმიანობის აღდგენას შეძლებს.

Tesla-მ მანქანების წარმოება უქმეებზე დაიწყო და დასაქმებულებს განუცხადა, რომ სამსახურში დაბრუნებულიყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულები თავს კარგად არ გრძნობენ ან დისკომფორტს განიცდიან, მათ სახლში დარჩენის უფლება აქვთ.

ალამედას ოლქის მმართველმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ისინი 18 მაისს ქარხნის კვლავ გახსნაზე შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ, თუმცა ეს შეთანხმება მასკის სასამართლოში ჩივილის დროს გაუქმდა.

ალამედას ოლქმა საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანიასთან ერთად გარკვეულ გეგმას შეიმუშავებს, რომელიც პროტოკოლზე შეთანხმებასა და საქმიანობის უსაფრთხოდ აღდგენას ითვალისწინებს.

"დღეს, 11 მაისს შევიტყვეთ, რომ Tesla-ს ქარხანა გაიხსნა. ჩვენ კომპანიას შევატყობინეთ, რომ მათ მხოლოდ საბაზისო ოპერაციების შესრულება შეუძლიათ", — აცხადებს შტატი.