პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული დოკუმენტის შინაარსი 2 ადამიანის გარდა ყველამ ერთნაირად გაიგო. ამ თემაზე მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"როგორც ჩანს უმრავლესობამ, თითქმის 20 ადამიანი იყო იქ და ორის გარდა როგორც ჩანს ერთნაირად გაიგო შეთანხმების შინაარსი. პრეზიდენტის შესახებ არის ამ ტექსტში ჩანაწერი და პრეზიდენტის ხსენება გულისხმობდა იმას, რომ შეწყალება იქნებოდა გამოყენებული", — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ტექსტში კიდევ იყო 2 მიმართება, რომლის მიხედვითაც, წარსულში არსებულ საქმეებზე, რომლებიც კითხვებს აჩენდნენ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, ხოლო მომავალში, მსგავსი შემთხვევები იქნებოდა არიდებული.

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ ეწერა არცერთი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება დიპლომატებმაც გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.