მართალია, უკვე თითქმის 10 წელია American Horror Story-ის ერთმანეთზე უფრო შემზარავ ისტორიებს ვადევნებთ თვალს, მაგრამ, როგორც ჩანს, რაიან მერფის კიდევ უფრო მეტი საშიში ისტორია აქვს ჩვენთვის მოსაყოლი.

ამის შესახებ ამ ცნობილმა პროდიუსერმა და რეჟისორმა ინფორმაცია ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა: American Horror Story-ის ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად დისტანციური საუბრის შემდეგ, როგორებიც არიან ჯესიკა ლენგი, ივან პიტერსი, სარა პოლსონი თუ კეტი ბეიტსი, ახალი შოუ ოფიციალურად დააანონსა.

"კარგი დრო გავიხსენეთ... სპინოფს, რომელზეც ვმუშაობთ, American Horror Stories-ის ერქმევა და ერთსაათიანი ეპიზოდები ექნება", — წერს რაიან მერფი.

ახალი შოუს შესახებ ჯერ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, თუმცა სამსახიობო გუნდს თუ გავითვალისწინებთ (ვისაც რაიან მერფი Zoom-ში ესაუბრა), ბევრი ნაცნობი გმირის ახალ-ახალ ისტორიებს ვიხილავთ.

American Horror Story-ის ერთგული ფანები ბოლო პერიოდში უამრავი სიურპრიზით არიან განებივრებულნი: ჯერ წლის დასაწყისში დადასტურდა, რომ სარა პოლსონი შოუში ბრუნდებოდა და სერიალი მეათე სეზონით არ დასრულდებოდა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ახალ, მეათე სეზონში Home Alone-ის მსახიობს მაკოლეი კალკინს ვიხილავთ.

როგორც ჩანს, ამ შოუს მოყვარულებს მოწყენის საშიშროება ჯერ არ ემუქრებათ.