აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოსგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს". სენატორი ამით აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა:

"ველოდები რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებაში პროგრესს გულისხმობს".

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ ეწერა არცერთი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხი და ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პასუხად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციას ცვლილებების ჩაგდება სურს.

ამავე თემაზე:

8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით დიპლომატებმა განცხადება განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.

"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.