EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების აგრესიული პოლიტიკა და არ გამოიყენოს შექმნილი კრიზისული ვითარება ამ პრობლემური პოლიტიკის დაჩქარებისთვის.

"კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კრიზისის პიროებებში, როცა ხელისუფლება ფისკალური წნეხის ქვეშ ექცევა, იზრდება იმის რისკი, რომ ის ბუნებრივ რესურსებს, პრივატიზაციისა და აგრესიული ათვისების პოლიტიკით, ეკონომიკის მოკლევადიანი სტიმულირებისთვის გამოიყენებს", — წერს EMC.

ორგანიზაცია, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

  • შეიმუშავონ განახლებადი ენერგეტიკის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია;
  • აღმოფხვრან ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა;
  • უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • უზრუნველყონ ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

EMC წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაიცა. ორგანიზაცია წერს, რომ ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში:

"მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, ინვესტორებთან 200-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული, ხოლო მუშაობა 120-მდე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე მიმდინარეობს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ენერგეტიკის, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის, განვითარების სტრატეგია ან/და გეგმა, რომელიც სისტემურად, ერთიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის ჰიდრორესურსების განვითარების ხედვებსა და შესაბამის სტანდარტებს."

EMC-ის ინფორმაციითვე, ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშები მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდება. კერძოდ, ანგარიშებში სუსტადაა წარმოდგენილი ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებზე საქმიანობის ზეგავლენის შეფასება, სათანადოდ შემარბილებელი და სოციალური უზურნველყოფის ღონისძიებები.