თბილისის მერის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებიდან ბავშვებისთვის არამალფუჭებადი სურსათის გაცემა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ერთ-ერთ ბაღში განაცხადა, სადაც სურსათის მშობლებისთვის გადაცემის პროცესს დაესწრო.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეს პროდუქტები გაფუჭებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კალაძემ ამ ინფორმაციის გავრცელება ოპონენტებს დაუკავშირა.

ბავშვებისთვის მერია 11 სახის პროდუქტს გასცემს. მათ შორისაა: რძე, ყველი, კარტოფილი, ფქვილი, შვრია, კვერცხი, ხილფაფა, შაქარი, ზეთი, ხილის ჩაი.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყოველ ეტაპზე პროგრამით 55 ათასი ბავშვი სარგებლობს.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დედაქალაქში ამჟამად 181 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც 61 000 აღსაზრდელს ემსახურება. სოციალური პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღებში კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა და პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.

თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, მერიამ საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი 19 მარტს დაიწყო.