ტყიბულში 13 წლის მოზარდის ოჯახი გამომძიებელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მათ მთავარ არხთან ისაუბრეს. ოჯახი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც, გამომძიებელმა ეკა ისაკაძემ ბავშვზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა, მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.

"ბავშვი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ეკა ისაკაძემ, პოლიციის გამომძიებელმა იძალადა ბავშვზე როგორც, ფსიქოლოგიურად ისე ფიზიკურად. ეუბნებოდა ჩემს შვილს, შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგგლიჯავდი შუაზე, ასე გიზამდი ისე გიზამდი" — თქვა მოზარდის დედამ, ბელა ასატუროვამ.

ბავშვის ბებია მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამომძიებელი მის შვილიშვილს ხელს კრავდა, უყვიროდა და ემუქრებოდა. ოჯახმა სახელმწიფო ინსპექტროის სამსახურს უკვე მიმართა. მთავარ არხთან გამომძიებელმა ეკა ისაკაძემ ბრალი უარყო და თქვა, რომ მზადაა გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.