ორი კვირის წინ სატელევიზიო შოუ Saturday Night Live-ში ბრედ პიტი გამოჩნდა და ენტონი ფაუჩი განასახიერა. ამჯერად კი ალეკ ბოლდუინი ვიხილეთ ახალ კომედიურ სკეტჩში: ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლში მოგვევლინა.

SNL-ის გადაცემაში, რომელიც დისტანციურად ჩაიწერა, Zoom-ში ტრამპი კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებულად დასრულებას ულოცავს:

"ვულოცავ Covid-19-ის კლასს სწავლის დასრულებას. დღევანდელი დღე მთლიანად თქვენ გეძღვნებათ და არა მე, მაგრამ მცირე დრო საკუთარ თავზე საუბარსაც უნდა დავუთმო, რადგან ცუდად მეპყრობიან ხოლმე. იმაზე ცუდად, ვიდრე ლინკოლნს ექცეოდნენ და ამაში ისიც დამეთანხმებოდა: ახლა, ალბათ, ჯოჯოხეთიდან მიღიმის", — ამბობს ბოლდუინის მიერ განსახიერებული ტრამპი ვიდეოში.

პრეზიდენტი კურსდამთავრებულებს სამომავლო კარიერულ პერსპექტივებზეც ესაუბრა:

"ძალიან იღბლიანები ხართ, რომ სწავლა ახლა დაასრულეთ. ირგვლივ უამრავი შესანიშნავი ახალი სამუშაოა, მაგალითად სუპერმარკეტის მოლარე, ინტერნეტმოდელი, საფოსტო გზავნილების ქურდი, მოხალისე მედდა და ქვანახშირის მუშა".

ბოლდუინის მთელ სკეტჩში ყველაზე სასაცილო ის სცენა გამოდგა, როცა ხველების შემდეგ პრეზიდენტმა ტანსაცმლის გასათეთრებელი ხსნარი "დალია" და წამოიძახა: "ძველებური, კარგი, დაუმარცხებელი სასმელი!"

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმა კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთ ხერხად ორგანიზმში სადეზინფექციო ხსნარის შეყვანა დაასახელა, რამაც სამედიცინო სფეროს მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ფოტო: Giphy

SNL-ის სკეტჩში ალეკ ბოლდუინის მიერ განსახიერებულმა დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა ამ მოწოდებით დაასრულა (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას Zoom-ში ბევრი აღარავინ უსმენდა):

"შემოიკრიბეთ ირგვლივ ყველაზე საშინელი ადამიანები და მათ შორის ყოველთვის იკაშკაშებთ. გახსოვდეთ, თუ რაღაც არ გესმით, მას უბრალოდ სისულელე დაუძახეთ... და ყოველდღიურად დატკბით ცხოვრებით, რადგან ვაპირებთ, რომ ვირუსს გავრცელების საშუალება მივცეთ".