ბოლოდროინდელმა არაორდინალურმა რეალობამ ბიზნესს, სტარტაპებს, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებს გაციფრულებისკენ უბიძგა. ამ პროცესმა ცხადად დაგვანახა, თუ როგორი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტექნოლოგიებს თანამედროვე სამყაროს სრულფასოვან ფუნქციონირებაში. რაც მთავარია, უფრო მეტად დავფიქრდით, რამდენად აუცილებელია პროგრესის ხელშეწყობა, რათა ადამიანებმა შეცვლილ რეალობას ფეხი მარტივად აუწყონ.

სწორედ ცვალებად რეალობასთან სწრაფ ადაპტაციაზე, მომავლის გამარტივებასა თუ ზოგადად, დასაქმების ბაზრის გაჯანსაღებაზე თიბისიში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იზრუნეს და გამორჩეული სივრცე, IT აკადემია შექმნეს. აკადემიაში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიური მიმართულებით.

ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით, რა ღირებულებებზე დგას თიბისის IT აკადემია, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი და რას სთავაზობს ის დაინტერესებულ პირებს.

ფოტო: TBC

თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე, განსაკუთრებით კი #თიბისიშენთვის პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ ინიციატივებზე უკვე არაერთხელ მოგიყევით, თუმცა, ამჯერად თქვენს ყურადღებას თიბისის IT აკადემიაზე შევაჩერებთ — პროექტზე, რომელიც ტექნოლოგიური რესურსების განვითარებას ემსახურება.

საქართველოში IT მიმართულება ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა, თუმცა დასაქმების ბაზარზე კვალიფიციური, მაღალპროფესიონალი კადრების ნაკლებობა ჯერ კიდევ შესამჩნევია. თანაც, ამ მიმართულებით მაღალი ხარისხის განათლების მიღების არცთუ მრავალფეროვანი არჩევანია.

სწორედ დასაქმების ბაზრის გაჯანსაღებისა და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩამოყალიბდა IT აკადემია. ის ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. IT აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა და დაინტერესებულ პირებს ახალი პროფესიის ათვისება დროის მინიმალურ პერიოდში შეუძლიათ. რაც მთავარია, ყველაფერი აქ არ მთავრდება — წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ თიბისის გუნდის ნაწილი გახდნენ, თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით.

IT აკადემიის დანიშნულება კიდევ უფრო მასშტაბურია და ის თიბისის ისეთ მიზნებს ემსახურება, როგორიცაა გაციფრულება და ტალანტების მოძიება.

ფოტო: TBC

წლების განმავლობაში თიბისი ციფრული მიმართულებით განვითარდა და როგორც საბანკო სექტორში, ისე ზოგადად ტექნოლოგიების მხრივ უამრავი ინოვაცია დანერგა. UX დიზაინერების, Front End, Back End, Android და iOS დეველოპერების საქმიანობაზე კი არა მხოლოდ IT სამსახური და მონაცემთა ანალიზის დეპარტამენტი, არამედ თიბისის, როგორც დიდი ტექნოლოგიური კომპანიის მთლიანი სისტემა დგას. ამიტომ, ახალგაზრდა პროფესიონალების საჭიროება და მათი ხელშეწყობის აუცილებლობა მათ ერთ-ერთმა პირველებმა შენიშნეს.

განათლება და ტექნოლოგიები თიბისის სტრატეგიული მიმართულების ნაწილი გახდა და ამ კუთხით თიბისის IT აკადემიამ დიდი როლი ითამაშა. უკვე ერთი წელია ის ახალგაზრდებს ახალი პროფესიის ათვისების საშუალებას უფასოდ აძლევს. IT აკადემიაში რამდენიმე სახის კურსია და რაც მთავარია, ის boot camp-ის ფორმატში მიმდინარეობს, რაც დროის მოკლე პერიოდში, ინტენსიური სწავლების მეთოდით სტუდენტის დამწყებ პროფესიონალად ჩამოყალიბებას გულისხმობს. კურსები საშუალოდ 3-4-თვიანია და ლექციები ყოველ სამუშაო დღეს 4 საათი გრძელდება. დასარეგისტრირებლად კი მხოლოდ სპეციალური ფორმის შევსებაა საჭირო. IT აკადემიაში ისწავლით:

  • Front End Development-ს
  • Back End Development-ს
  • Android mobile development-ს
  • IOS mobile development-ს
  • UX Design-ს

გარდა ამისა, წლის ბოლომდე, შემოდგომის სემესტრში Frontend development-ის და UX Design-ის მიმართულებით კურსების ჩატარება იგეგმება.

IT აკადემიას ახლანდელ რეალობასთან ადაპტირება, ცხადია, არ გაუჭირდა. მათი პროგრამები მთლიანად მოერგო ონლაინ სივრცეს და boot camp-ები ახლა ციფრულად მიმდინარეობს.

ფოტო: TBC

თიბისიში გვიყვებიან, რომ IT ტექნოლოგიების კუთხით ქვეყანაში ტალანტების დეფიციტია, ამიტომ გადაწყვიტეს, ამ დარგის პოპულარიზაციას ხელი შეუწყონ და ახალგაზრდებს ახალი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის შესწავლაში დაეხმარონ.

"IT აკადემიის საშუალებით ჩვენ ნიჭიერ სტუდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ უფრო კარგად შეისწავლონ კონკრეტული მიმართულება, ჩააბარონ გამოცდები და შემდეგ თიბისიში დაიწყონ მუშაობა. IT რესურსი ქვეყნის მაშტაბით ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი რესურსია. იმისათვის რომ ჩვენ მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება და კომფორტული გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, საჭიროა სწორედ IT სისტემების განვითარება, რასაც აკადემიის საშუალებით წარმატებულად ვართმევთ თავს. ეპიდემიის შედეგად როგორც კომპანია, ასე აკადემია დიატანციურ რეჟიმზე გადავიდა და ამჟამად წარმატებულად მიმდინარეობს ონლაინ კურსები", — ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აკადემიის კურსები დამწყებთათვისაა და ამ მიმართულებით საბაზისო ცოდნასა და გამოცდილებას არ ითხოვენ. ხშირ შემთხვევაში სტუდენტები მათი პიროვნული უნარების, ლოგიკის დახმარებით ახერხებენ ისეთი სპეციალობის წარმატებით შესწავლას, როგორიც, მაგალითად, Front End Development-ია.

როგორც თიბისიში ამბობენ, კურსებზე დაინტერესება მაღალია — ყოველსემესტრულად სწავლის დაწყების სურვილს ასობით ახალგაზრდა გამოთქვამს, შესაბამისად კონკურსიც საკმაოდ მაღალია და მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგიერთ მიმართულებებზე რამდენიმე ჯგუფიც კი იქმნება. კონკურსი ოთხ-ეტაპიანია და მოიცავს როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების კომპონენტებს.

IT აკადემიაში უცხოელებთან ერთად ადგილობრივი ტრენერები ასწავლიან. გარდა ამისა, მასტერკლასების სახით, პრაქტიკაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს თიბისის პროფესიონალებიც უზიარებენ.

აკადემიას სტუდენტებთან მაღალი მოთხოვნები აქვს, თუმცა ყველას, ვინც სწავლას წარმატებით დაასრულებს, შესაძლებლობა აქვს თიბისის დიდ გუნდს შეუერთდეს. მათ საშუალება ეძლევათ, დასაქმდნენ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში — თიბისიში, გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკაში, უშუალოდ პროექტებზე მუშაობისას, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.

ასე რომ, თუკი თვითიზოლაციის პერიოდში ახალი უნარების ათვისება ვერ მოასწარით, სანერვიულო არაფერია, თიბისის IT აკადემიაში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობიდან ერთ-ერთის სწავლას მომავალშიც შეძლებთ, რაც მთავარია, სწავლა უფასოა და როგორც თიბისიში ამბობენ, ერთადერთი რესურსი, რომლის დახარჯვაც მოგიწევთ, თქვენი დროა.