როცა ფოტოგრაფმა ჯო როზენტალმა გადაიღო, როგორ არჭობდნენ ამერიკელი ჯარისკაცები დროშას იაპონურ კუნძულზე, იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ნამუშევარი მეორე მსოფლიო ომის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ფოტოდ იქცეოდა. ფოტო ათასჯერ გადაბეჭდეს, მოხვდა საფოსტო მარკებზე და ბოლოს ვირჯინიაში გამოაქანდაკეს კიდეც.

ათასობით კილომეტრის იქით კი, ამ ფოტომ სტალინს უბიძგა, მსგავსი ფოტო გადაეღო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ.

დროშის აღმართვა ივო ძიმაზე და დროშის აღმართვა რაიხსტაგზე

ფოტო: ჯო როზენტალი, ევგენი ხალდეი

"საბჭოთა დროშა რაიხსტაგზე" სიმბოლოებით დატვირთულ ისტორიულ მომენტს ასახავს. 1894 წელს აშენებული ნაგებობა თავისი დროისთვის უმნიშვნელოვანეს შენობად ითვლებოდა და ამიტომაც, წითელი არმიისთვის მტერს განასახიერებდა. საბჭოთა ჯარებმა რაიხსტაგი 1945 წლის ორ მაისს აიღეს.

რაიხსტაგის ნანგრევები, 1945 წლის 3 ივნისი

ფოტო: Imperial War Museums

ფოტოს ავტორი უკრაინაში დაბადებული საბჭოთა ჯარისკაცი, ევგენი ხალდეია. ჰიტლერის თვითმკვლელობიდან ორი დღე იყო გასული, როცა ხალდეი ბერლინში ლეიკათი და საბჭოთა დროშით "შეიარაღებული" აღმოჩნდა. დროშა მაგიდის წითელი გადასაფარებლებისგან იყო შეკერილი. ფოტო, რომელიც ამ მომენტის სიმბოლოდ იქცა, პირველ მცდელობას სულაც არ წარმოადგენს. რაიხსტაგზე პირველი ფოტო რამდენიმე დღით ადრეც გადაიღეს, თუმცა შემდეგ საბჭოთა არმიამ შენობა ისევ დაკარგა, ცნობილი ფოტო კი რაიხსტაგზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ არის გადაღებული. ამ სურათამდე ხალდეიმ 36 მსგავსი ფოტო გადაიღო.

ხალდეიმ სხვა ადგილებიც მოსინჯა

ფოტოს გადასაღებად ხალდეიმ ქუჩაში სამ ჯარისკაცს სთხოვა, დროშის აღმართვის სცენა გაეცოცხლებინათ. ფოტოზე ხედავთ 18 წლის ალექსი კოვალიოვს კიევიდან, აბდულკაჰიმ ისმაილოვს დაღესტნიდან და ლეონიდ გორიჩევს მინსკიდან. ხალდეიმ შედეგები მოსკოვში გადააგზავნა და ერთ-ერთი მათგანი ჟურნალ აგანიოკში 13 მაისს გამოქვეყნდა.

დროშის აღმართვის სხვა ვერსიები

თუმცა... მოსკოვში ოფიციალურმა პირებმა ფოტოების შესწავლისას პრობლემა აღმოაჩინეს: ერთ-ერთ ჯარისკაცს ორივე ხელზე ეკეთა საათი, რაც მაროდიორობის სავარაუდო შემთხვევაზე მიუთითებდა, ეს კი საბჭოთა კავშირის რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა.

კომუნისტებმა ხალდეის სთხოვეს, ფოტო შეეცვალა და მან ნემსით გადაფხიკა საათი ჯარისკაცის მაჯიდან. ამის შემდეგ კი ფოტოსთვის დრამატიზმის შესამატებლად ცა ჩააბნელა და კვამლი დაამატა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

საათის წაშლით საბჭოთა კავშირმა იმ ფაქტის წაშლაც სცადა, რომ საბჭოთა არმიამ გერმანია შურისძიების სურვილით ანთებულმა აიღო, ფაშისტების მხრიდან 1941 წელს განხორციელებლი სასტიკი დანაშაულების საპასუხოდ.

ხალდეი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავდა ამ ფოტომანიპულაციას და როცა ფოტოსთან დაკავშირებით კითხვას უსვამდნენ, პასუხობდა: "კარგი ფოტოა და ისტორიისათვის მნიშვნელოვანი. სხვა რამე მკითხეთ". მან იცოდა, რომ პროპაგანდის იარაღი იყო, თუმცა მისი აზრით, მიზანი ამართლებდა საშუალებას.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1997 წელს ხალდეიმ თქვა: "მე ვპატიობ გერმანელებს, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებ".

"დროშის აღმართვა რაიხსტაგზე" გაყალბების გამო ისტორიულ მნიშვნელობას სულაც არ კარგავს. პირიქით: წაშლილი დეტალი რაიხსტაგის აღებას კიდევ ერთ შრეს სძენს, რომელიც ისტორიის უთქმელ მხარეს გვაჩვენებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.