ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა. ამის შესახებ ინფორმაციას და დროშების ფოტოს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემით ხსნის და ომს რუსეთის მსგავსად სამამულოს უწოდებს. დე ფაქტო უშიშროება თავის განცხადებაში ამტკიცებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ სამამულო ომის "სულიერ-იდეოლოგიური შედეგების პოლიტიკურ რევიზიას ცდილობს".

გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმი "ისტორიული სამართლიანობისთვის ხელის შეშლას" უწოდებს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ აღიარებს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 9 მაისს "სამამულო ომში" გამარჯვება რუსული წესებით იზეიმა. გიორგირვკის ლენტებით მორთულმა დე ფაქტო ლიდერებმა გარდაცვლილ ჯარისკაცთა საფლავები შეამკეს და პროკრემლისტური განცხადებები გაავრცელეს.