თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიკრი იშიკმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მოუწოდა, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა არ მისცენ თავშესაფარი ფეტულა გიულენთან კავშირში შემჩნეულ ჯარისკაცებს. ინფორმაციას თურქეთის მოთხოვნის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს პრო–სახელისუფლებო თურქული საინფორმაციო სააგენტო Hurryet Daily News.

სააგენტოს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ევროპაში განთავსებულ ნატოს ბაზებზე მყოფმა არაერთმა თურქმა სამხედრომ ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი ევროპაში.

Deutsche Welle-ს ცნობით, მხოლოდ გერმანიაში, თავშესაფრის მაძიებელი 30–დან 40–მდე სამხედროა. მათ ეშინიათ, რომ სამშობლოში გადატრიალების მცდელობისა და ფეტულა გიულენთან კავშირის გამო დააპატიმრებენ.

როგორც Hurryet Daily News წერს, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უთხრა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს თავშესაფრის მიცემაზე დამოუკიდებლად იღებენ და ალიანსს ამასთან დაკავშირებით არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ერდოღანის ხელისუფლებამ 100 ათასზე მეტი სამხედრო, პოლიციელი, მასწავლებელი, მოსამართლე და ჟურნალისტი ან დააპატიმრა, ან სამსახურიდან გაათავისუფლა. გადატრიალების სულისჩამდგმელად კი ამერიკაში მცხოვრები ფეტულა გიულენი დაასახელა, რომელიც ბრალდებებს უარყოფს. თურქეთის მთავრობა და სამთავრობო მედია ფეტულა გიულენის მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებს.