საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირების შორის დაპირისპირებაზე საპატრიარქო ვერ იმსჯელებს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავად ეპარქიამ უნდა მიიღოს.

"ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი", — განუცხადა ჟურნალისტებს ჯაღმაიძემ.

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდა. 30 აპრილს რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადებაა გაავრცელა და უარყო, რომ ბრალდებული მამა დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარია. მათი განცხადებით, ეს ინციდენტი მათ ეპარქიაში არ მომხდარა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტერში მოღვაწე მამა დავითმა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. თავად არქიმანდრიტი საბა ჟღენტი უარყოფს, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით "გულნატკენია".

რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი კი ამბობს, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირის მიერ მკვლელობის მცდელობაზე ამბობს, რომ თავად, როგორც ეპარქიის მმართველმა, ამაზე პასუხი არ უნდა აგოს.