მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები — 300 ლარს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე, მათივე ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე საიუბილეო მედლით — "ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი", ჯილდოვდება.

ადმინისტრაციის ცნობით, მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

"რაც შეეხება ფულად სოციალურ დახმარებას, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, გარდა თბილისისა, ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის სახსრებს თბილისის მერია გამოყოფს", — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დღეს, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ. ევროპული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილისა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისს მიიჩნევს, რადგან სწორედ ამ დღეს გამოაცხადა გერმანიამ კაპიტულაცია. 9 მაისი კი საბჭოთა კავშირის დაწესებული დღესასწაულია, რადგან სწორედ ამ დღეს წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს გამარჯვება.