საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში შექმნილი მძიმე მდგომაროების და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად მთავრობას ღია წერილით მიმართავენ.

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება პეტიციასაც აქვეყნებს და მიუთითებენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ და თანმდევმა კრიზისმა ისინი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა.

"საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო იზოლაციამ, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული, შეაჩერა გაერთიანებების საქმიანობა. შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა", — აღნიშნულია ღია წერილში.

ავტორები ამბობენ, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა. ისინი მთავრობას კრიზისის დაძლევის გეგმასა და მათ მოთხოვნებს უზიარებენ. წერილის მიხედვით, ამ მოთხოვნების შესრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიებისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის:

შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე კულტურული ეკოსისტემის გადასარჩენად;

  • შეიქმნას გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტი;
  • კულტურის სფეროში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი იქნან უმუშევრობის და სხვა სოციალური სარგებელით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შტატგარეშე დასაქმებულ ადამიანებსა და თვითდასაქმებულებს, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, ახალგაზრდებს, უმცირესობებს;
  • გადაუდებელი დახმარება გაეწიოს კულტურის სფეროში დასაქმებულ, როგორც ინსტიტუციონალიზებულ, ასევე დამოუკიდებელ სპეციალისტებს; აგრეთვე მცირე და საშუალო შემოქმედებით გაერთიანებებს საგადასახადო შეღავათების, სესხების, მიკრო-კრედიტების, ზარალის ანაზღაურების სახით;
  • საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა;
  • საშემოსავლო და ქონების გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • საპენსიო გადასახადის შენატანის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • საბანკო სესხების შეჩერების გახანგრძლივება კიდევ 6 თვით, ან სანამ ბიზნესები სრული დატვირთვის არ ამოქმედდება;
  • საკრედიტო დახმარება არსებულ ბიზნეს ერთეულებს კომერციული ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, როდესაც 90% სესხის გარანტიას იძლევა “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფრაგლებში);
  • იჯარის ⅓ სუბსიდირება და მეიჯარეებისთვის დარიცხული გადასახადების გადავადება.

"მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პასუხისმგებელ პირებს დაუყოვნებლივი ზომები მიიღონ COVID-19 გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად. გვჯერა, რომ საქართველოს საახელმწიფოს გათავისებული აქვს ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციის მშენებლობაში შემოქმედებითი ინდუსტრიის და მის სექტორებში დასაქმებული ათასობით ადამიანის როლი. გათავისებული აქვს ამ ადამიანთა მძიმე ყოფა და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, უპირობოდ იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად", — აღნიშნულია წერილში.