სექსიზმი, არსებული გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ნორმები, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, ძირითადი ტერმინების მნიშვნელობა — ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც გენდერული თანასწორობის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი აერთიანებს.

ქართულენოვანი, უფასო ელექტრონული კურსი საქართველოს სახალხო დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიმუშავეს.

ამ კურსით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ სასარგებლო ინფორმაცია მიიღოს.

პროექტში ჩართვა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი, ის ომბუდსმენის ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია და კურსის გავლის ვადები შეზღუდული არ არის.

როგორც On.ge-ს სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს, გაკვეთილები იძლევა პრაქტიკულ ცოდნას ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, რომელიც ადამიანებს არა მარტო ცნობიერების ამაღლებაში, არამედ პროფესიული საქმიანობის წარმართვაშიც დაეხმარება.

ინტერაქტიული კურსი 3 მოდულისა და შესაბამისი სავარჯიშოებისგან შედგება. მისი გავლისთვის მსურველებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდებათ. დასრულების შემდეგ კი მათ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობაც ექნებათ. კურსი განთავსებულია ბმულზე www.genderequality.ombudsman.ge

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ იმასაც, რომ ელექტრონული კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო ტრეინინგცენტრის მიერ შემუშავებული მოდულის ქართულ კონტექსტზე მორგებული ვერსიაა. მათივე თქმით, მისი ადაპტირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მოხდა.