მონტერეის ხუთეული, ალბათ, ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს. თუ Big Little Lies გინახავთ, მაშინ წარმოუდგენელია, რომ ისინი დაგვიწყებოდათ. რას იტყვით იმაზე, რომ მათ კიდევ ერთი წევრი შეემატოთ?

აი, რიზ უიზერსპუნი უკვე ახალ კანდიდატურას განიხილავს.

მართალია, ჯერ ოფიციალურად დიდი პატარა ტყუილების შესაძლო გაგრძელების შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა ცოტა ხნის წინ ყველასათვის კარგად ნაცნობმა მსახიობებმა, ლორა დერნმა და რიზ უიზერსპუნმა ონლაინ საუბრისას მესამე სეზონის გადაღების სურვილი გამოთქვეს.

მეტიც, უიზერსპუნს სურს, რომ შოუს სამსახიობო გუნდს ჯენიფერ ლოპესიც შეუერთდეს:

"იმედი მაქვს, რომ სერიალში ჯეი ლო გამოჩნდება, რადგან ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს მისი ხილვა", — ამბობს მსახიობი ვიდეოში.

ეს სურვილი ლორა დერნმაც გაიზიარა.

HBO-ს ამ გახმაურებული შოუს მეორე სეზონი გასულ წელს გამოვიდა და მას შემდეგ ერთგული მაყურებლები მოუთმენლად ელოდებიან ოფიციალურად დადასტურებას, რომ მონტერეის ხუთეულის ტრაგიკული ისტორიის გაგრძელებას იხილავენ.

როგორც ჩანს, იმავე დღეში არიან საყვარელი მსახიობებიც:

"ამის გაკეთება ძალიან გვინდა. ახლა ერთგვარ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ძალიან ვცდილობთ, რომ ისტორიის სწორი გაგრძელება მოვიფიქროთ", — ამბობს სერიალში მედლინის როლის შემსრულებელი, რიზ უიზერსპუნი.

"ხშირად წარმოვიდგენ, თუ როგორ ვმუშაობთ ყველა ერთად ისევ ამ პროექტზე, რადგან ძალიან მენატრება. შენ არ გენატრება ჩვენი გმირები?" — ჰკითხა ლორა დერნმა უიზერსპუნს — "ძალიან იღბლიანები ვართ: საუკეთესო პერსონაჟები განვასახიერეთ".

რთულია, არ დაეთანხმო. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს მათსავით ძალიან სურს საყვარელი პერსონაჟების ხელახლა ხილვა ეკრანებზე.

ფოტო: Giphy