მოსკოვის ქართული ეკლესია კორონავირუსის გამო დაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. არხის ინფორმაციით, ინფიცირებულია ქართველი სასულიეო პირი, რომელიც ეკლესიის წინამძღვარია.

"მე დაახლოებით 7-8 დღეა თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ტაძარი პირველი მაისიდან დაკეტილია. ჩატარდა დეზინფექცია და ტაძარი დაიკეტა საერთოდ ყველანაირი მსახურებისთვის და ასევე დაიკეტა საეკლესიო მაღაზიაც. შეიძლება ითქვას, რომ ტაძრის ეზოშიც ვერავინ ვერ შედის, რადგანაც ყველაფერი გადაკეტილია პირველი მაისის შემდეგ",— განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი დარწმუნებულია, რომ ინფექცია ზიარების და მსახურებების დროს არ გავრცელებულა.

"თუკი ეს ზიარებიდან არის გადასული, მე და მამა ფიოდორე ყოველ კვირას ვეზიარებოდით ერთი ბარძიმიდან. მაშინ ყველას უნდა გვჭირდეს ვინც ვეზიარებოდით", — განაცხადა სასულიერო პირმა.

განახლება: მასალის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ ინფიცირებული სასულიერო პირი ქართველი იყო. საპატრიარქო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, ამიტომ სათაური დაზუსტდა.