რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას. ზალკალიანი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

"სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დაინიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც", — აცხადებს ზალკალიანი.

მისივე თქმით, ელჩის გამოწვევა მიღებული პრაქტიკაა, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.

"მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს", — განაცხადა ზალკალიანმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.

ამავე თემაზე:

რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს წევრებს პერსონალურად უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში საბჭომ სულ 28 სხდომა ჩაატარა. ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში გაიმართა.

პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პრეზიდენტის ბრძანებით, ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.