დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს გრიპის აცრა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიკეთოს, რათა შემოდგომას ბოლოს გრიპი და კორონავირუსი ერთმანეთს არ დაემთხვეს. ამ თემაზე მან გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

"ყველაზე რთული იქნება თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. [...] წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკჯგუფები მოვიცვათ", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში გაიზარდა გრიპის საწინააღმდეგო აცრების კულტურა. მისი თქმით, აცრა 2014 წელს 5 000 -10 000 ადამიანიდან დაიწყეს, შარშან კი 100 000 ადამიანი სახელმწიფომ ხოლო, კიდევ დაახლოებით 35 ათასი კერძო სექტორმა აცრა.