ევროპულმა სასამართლომ მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

სტრასბურგმა საქართველოს აპლიკანტის სასარგებლოდ, სამი თვის განმავლობაში, 3 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკის დროს მომჩივანს დაუსაბუთებლად არ მიეცა დამსწრეების მოწვევის უფლება და ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს მისი არგუმენტი პოლიციელთა მხრიდან ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.

მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2009 წლის 18 მაისს მიმართა. საიას ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება:

  • ჩხრეკები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არ ერთვოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეაფასეს ინფორმაციის საფუძვლიანობა, მათ შორის, რამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ჩხრეკის ჩასატარებლად, რამდენად საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ მომჩივანს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები ან/და რა სახის ნარკოტიკი ჰქონდა თან და არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საჭიროება;
  • დადგენილებები ჩხრეკების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების შესახებ არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას იმ მიზეზების შესახებ, რაც გაამართლებდა ჩხრეკის ჩატარებას სასამართლოს განჩინების გარეშე;
  • სოდ-ის თანამშრომლების უარი ჩხრეკებზე დამსწრეების მოწვევასთან დაკავშირებით არ იყო დასაბუთებული. მართალია, მათ მიუთითეს გადაუდებელ აუცილებლობაზე, თუმცა, ჩვენებებში ან/და პოლიციის პატაკში ვერ დაასაბუთეს, კონკრეტულად რა სახის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომელიც გაამართლებდა მომჩივნისთვის ამ უფლების შეზღუდვას.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიმართ ძირითადი მტკიცებულების მოპოვების წესი აჩენს კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩხრეკის დროს დაშვებულმა პროცედურულმა დარღვევებმა, სასამართლო კონტროლის არაადეკვატურობამ, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტების არასათანადო შეფასებამ სასამართლო პროცესი მთლიანად არასამართლიანი გახადა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

2007 წლის 3 ივლისს მომჩივანი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. სოდ-ის თანამშრომლებმა მომჩივნის მანქანაც გაჩხრიკეს. შედეგად მომჩივნის შარვლის ჯიბიდან და მანქანის უკანა სავარძლიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. იმავე დღეს სოდ-ის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს მომჩივნის ბინასა და ავტოფარეხში, საიდანაც ასევე, ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.

ოთხივე ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა და მხოლოდ მოგვიანებით ცნო სასამართლომ ისინი კანონიერად. მომჩივანი და მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ მათ მისცემოდათ ჩხრეკაზე დამსწრეების მოწვევის უფლება, რასაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, თუმცა, სოდ-ის თანამშრომლებმა მათ დაუსაბუთებლად განუცხადეს აღნიშნულზე უარი.

მომჩივანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ხელი არ მოაწერეს ჩხრეკის ოქმებს. მათ განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალებები მათ სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანი დამნაშავედ ცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.