პოლ ოსტერი გამორჩეული თანამედროვე ამერიკელი ავტორია, რომელსაც ქართველი მკითხველები კარგად იცნობენ ისეთი გახმაურებული რომანებით, როგორებიცაა მისნის ღამე, ილუზიების წიგნი და ნიუიორკული ტრილოგია.

ერთგულმა მკითხველებმა ასევე კარგად იციან, რომ ოსტერს არაერთ სხვა ცნობილ მწერალთან ჰქონდა ან აქვს ახლო ურთიერთობა და მათ შორისაა ნობელიანტი ჯონ მაქსველ კუტზეე, რომელთანაც წლების განმავლობაში გაცვლილი წერილების კრებული აქ და ახლა ასევე არის ქართულად ნათარგმნი.

ამჯერად კი გთავაზობთ ოსტერის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ესეების კრებულიდან საუბარი უცნობებთან ნაწყვეტს, სადაც ის მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ირლანდიელ მწერალ სემუელ ბეკეტთან შეხვედრას იხსენებს:

"პარიზში საცხოვრებლად 1971 წლის თებერვალში გადავედი, ჩემი 24-ე დაბადების დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მაშინ რაღაც დროის განმავლობაში ლექსებს ვწერდი და ბეკეტთან ჩემი პირველი შეხვედრის გზა პოეტ ჟაკ დიუპენიდან დაიწყო, რომლის შემოქმედებაც ნიუ-იორკში უნივერსიტეტში სწავლის დღეებში მქონდა ნათარგმნი. ის და მე პარიზში ახლო მეგობრები გავხდით და ვინაიდან ჟაკი ემე მაგის სახელობის გალერეაში პუბლიკაციებს ხელმძღვანელობდა, შესაძლებლობა მქონდა ჟან-პოლ რიოპელი გამეცნო, კანადელ-ფრანგი მხატვარი, რომელიც მაშინ გალერეის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანი იყო. ჟან-პოლის დამსახურებით კი გავიცანი ჯოან მიჩელი — ამერიკელი მხატვარი, რომელიც ქალაქ ვეტეიში ერთ დროს მონეს კუთვნილ სახლში ცხოვრობდა. ჩემს გაცნობამდე რამდენიმე წლით ადრე ჯოანმა გამომცემლობა Grove Press-ის დამფუძნებელ ბარნი როზეტზე იქორწინა და ბეკეტს კარგად იცნობდა. ერთ საღამოს, როცა მას ბეკეტის შემოქმედებაზე ვესაუბრებოდი და მოულოდნელად გაიგო, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის, შემომხედა და მკითხა: "გინდა მას შეხვდე?"

— დიახ, – ვუპასუხე, – რა თქმა უნდა, მინდა.

— მაშინ წერილი მისწერე, – მითხრა მან, – და უთხარი, რომ მე გირჩიე, ასე მოქცეულიყავი.

სახლში წავედი და წერილი დავწერე, სამი დღის შემდეგ კი ბეკეტისგან პასუხი მივიღე: მატყობინებდა, რომ შემდეგ კვირას კაფე კლოზერი დე ლილაში შემხვდებოდა.

ვერ ვიხსენებ, რომელი წელი იყო ზუსტად. შესაძლოა, ადრეული 1972 წელი ან გვიანი 1974. შუაზე რომ გავყოთ, მოდი ვთქვათ, რომ ეს მოხდა 1973 წელს.

ამ შეხვედრის შემდეგ ის მხოლოდ ერთხელ ვნახე — პარიზში მომდევნო სტუმრობისას 1979 წელს — და ამ წლების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ათეული ჩანაწერი და წერილი გავცვალეთ. ჩვენს ურთიერთობას მთლად მეგობრობას ვერ უწოდებდი, მაგრამ მისი შემოქმედების მიმართ ჩემი აღტაცების გაზიარება (რაც ახალგაზრდა ასაკში ბრმა კერპთაყვანისცემას უფრო ჰგავდა), მისი პირადად ნახვა და დროგამოშვებით წერილების გაცვლა ჩემთვის უკიდურესად ძვირფასი იყო. უამრავ მოგონებას შორის მახსენდება მისი დიდსულოვანი დახმარება, როცა გამომცემლობა Random House Book-ის კრებულზე მეოცე საუკუნის ფრანგული პოეზია ვმუშაობდი; ამაღელვებელი სიტყვა, რომელიც მან ერთ შუადღეს პარიზის კაფეში წარმოთქვა საფრანგეთის მიმართ თავისი სიყვარულისა და თავისი იღბლიანობის შესახებ, რომ ზრდასრული ცხოვრება სწორედ იქ გაატარა; კეთილი და გამამხნევებელი წერილები, რომლებსაც ის მაშინ მწერდა, როცა ჩემს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ვუგზავნიდი: იქნებოდა ეს წიგნები, თარგმანები თუ სტატიები მისი ნაწარმოებების შესახებ. მახსენდება სასაცილო დეტალებიც: ნიუ-იორკში ერთადერთხელ გატარებული დროის მშრალი აღწერა ("საშინლად ცხელოდა, მატარებლებზე ჩამოკიდებული ვიყავი"), ჩვენი პირველი შეხვედრის იმ დაუვიწყარ ნათქვამზე რომ არაფერი ვთქვა, როცა ხელის ქნევით მიმტანის ყურადღება რომ ვერ მიიქცია, მომიბრუნდა და თავისი ირლანდიული აქცენტით მითხრა: "სამყაროში ბარმენის თვალებზე რთულად დასაჭერი არაფერია".

სემუელ ბეკეტი პარიზის კაფეში 1985 წელს.

ფოტო: John Minihan

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კაფე კლოზერი დე ლილაში გაკეთებული ერთი კომენტარი სხვა ყველაფრისგან გამორჩეული იყო, რადგან ეს არა მხოლოდ ბეკეტზე, როგორც ადამიანზე, არამედ იმ დილემაზეც ბევრს ამბობს, რომელთან ერთადაც მწერლები უნდა ცხოვრობდნენ: მარადიული ეჭვი, უძლურება, რომ სხვისი ქმნილების ღირებულება შეაფასო.

იმდღევანდელი საუბრის დროს მითხრა, რომ მერსიე და კამიეს თარგმნა დაასრულა, მისი პირველი ფრანგული რომანის, რომელიც 40-იან წლებში დაწერა. მე ეს წიგნი ფრანგულად მქონდა წაკითხული და ჩემს აღფრთოვანებას თავშეუკავებლად გამოვხატავდი. "შესანიშნავი წიგნია", ვუთხარი. მაგრამ ბეკეტმა თავი გააქნია და მომიგო: "ოჰ, არა, არა, არც ისე კარგია. ფაქტობრივად, ორიგინალი ტექსტიდან 25% ამოვიღე. ინგლისური თარგმანი ფრანგულთან შედარებით უფრო პატარა იქნება". მე კი ვუთხარი: "ასე რატომ მოიქეცით? ეს შესანიშნავი წიგნია და არ უნდა შეგემცირებინათ". თუმცა, ბეკეტმა კიდევ ერთხელ გააქნია თავი: "არა, არა, არც ისე კარგი წიგნია".

ამის შემდეგ სულ სხვა თემებზე დავიწყეთ საუბარი. შემდეგ კი მოულოდნელად, ხუთი ან ათი წუთის შემდეგ, მაგიდას ხელებით დაეყრდნო, თვალებში შემომხედა და მკითხა: "შენ მართლა მოგეწონა ის, არა? მართლა ფიქრობდი, რომ კარგი იყო?"

ასეთი იყო სემუელ ბეკეტი, გახსოვდეთ: მასაც კი არ ჰქონდა თავისი შემოქმედების ღირებულების მტკიცე განსაზღვრება. თავად მწერალმაც კი არ იცის ეს, თუნდაც საუკეთესომ.

"დიახ, – ვუთხარი, – ნამდვილად ვფიქრობდი, რომ კარგი წიგნი იყო".

პოლ ოსტერის ჯერჯერობთ ბოლო რომანის 4 3 2 1 შესახებ ტორესა მოსიმ მთავარი არხის შუადღეში ისაუბრა.