პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან მზად იქნება, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

"ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან", — განაცხადა მან.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით საერთაშორისო ტურისტების მიღებისთვის პირველ ეტაპზე იგეგმება იმ ტრადიციული მიმართულებების აღდგენა, რა მიმართულებებიც აქამდე უკვე იყო. მისივე თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ევროკავშირის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

"თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები შემოვიდნენ რეგიონებიდან. თუმცა ასევე არ დავკარგავთ არც ერთ შანს, შემოვიყვანოთ ისევ ევროპელი ტურისტები. ჩვენ რომ ვერც შევძლოთ იქ პირველ ეტაპზე გასვლა, ჩვენთან შემომავალი ევროპელი ტურისტი გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ", — აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ როცა ქვეყნებთან ტურისტულ დერეფნებზე მოლაპარაკებები შედგება, საქართველოს ექნება ყველა გარანტია, რომ ვიზიტორებისა და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავენ.

გაიგეთ მეტი: