ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, TDI-ის ინფორმაციით, თვითმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს გადასცემენ "მატერიალურ სიკეთეს", ყოველწლიურად, დაახლოებით 4-5 მილიონ ლარს.

TDI-ს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან 2013-მდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მათივე თქმით, საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI აცხადებს, რომ მათი და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

"იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დაფინანსების ამგვარ პრაქტიკას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების არგუმენტით ამართლებს, ფორმალურად, საპატრიარქოს ფინანსურ უზრუნველყოფას პირდაპირი დაფინანსების სახე აქვს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

TDI-ის განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

"მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთე უმრავლეს შემთხვევაში რელიგიური საქმიანობისა და მიზნებისთვის გამოიყენება და შესაბამისად, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს", — განმარტავენ ისინი.

ორგანიზაციის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიების საპირისპიროდ, სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.

ამავე თემაზე: