სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის შვილი, არჩი მაუნტბეტენ-უინძორი 6 მაისს ერთი წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით, Save the Children-ის ინსტაგრამზე მისი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც დედა წიგნს, Duck! Rabbit!-ს უკითხავს. კამპანიის ფარგლებში ცნობილი ადამიანები ზღაპრებს კითხულობენ, რომ კორონავირუსით დაზარალებული ბავშვებისთვის თანხა მოიძიონ.

ვიდეოს დასაწყისში, როდესაც მეგანი წიგნს არჩევს, მის ყდაზე ვხედავთ წარწერას "არჩის წიგნების კლუბი". როგორც ცნობილია, წიგნების სერია სამეფო ოჯახის პატარა წევრმა საჩუქრად ოპრა უინფრისგან მიიღო.

ვიდეოში ვხედავთ, რომ მეგან მარკლი შვილს სახალისო ამბავს უკითხავს, რომლის მთავარი გმირიც ერთი და იგივე ილუსტრაციის მიხედვით შეიძლება როგორც იხვი, ისე კურდღელი იყოს. ვიდეო პრინცი ჰარის გადაღებულია, რომლის სიცილიც რამდენჯერმე ისმის ვიდეოს გადაღების პროცესში.

რა თქმა უნდა, ტვიტერი არჩისა და ჰარის მსგავსებაზეც ალაპარაკდა.

BBC-ის ინფორმაციით, ვიდეო ამერიკაშია გადაღებული, სადაც ამჟამად წყვილი ცხოვრობს. 2020 წლის დასაწყისში მათ მაღალი რანგის სამეფო სტატუსზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ ფინანსური დამოუკიდებლობისთვის მუშაობას აპირებენ.