გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ქვეყანამ პანდემიის პირველი ფაზა გადალახა. ამავე დროს, კანცლერი აცხადებს, რომ გერმანია პანდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაზეა.

ანგელა მერკელი ფედერალური მიწების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განიხილეს.

5 ივნისამდე ქვეყანაში სოციალური დისტანციის წესი კვლავ შენარჩუნდება. ამასთან მასისის ბოლოდან განახლდება ბუნდესლიგა, თუმცა მატჩებს მაყურებელი ვერ დაესწრება. ბუნდესლიგა იქნება, პირველი ეროვნული ლიგა, რომელიც პანდემიის შემდეგ თამაშებს განაახლებს.

გაიხსნება დიდი მაღაზიები, მოხუცებულთა სახლებში მნახველები ისევ დაიშვებიან. ფედერალური მიწების მთავრობები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ როდის და როგორ გახსნან კინოტეატრები, რესტორნები და თეატრები.

ანგელა მერკელის თქმით, თუ ინფიცირებულთა რიცხვები გაიზარდა, შეზღუდვებს ისევ მიიღებენ.