2003-2004 წლებში ამერიკული სიტკომის Friends-ის მსახიობები თითო ეპიზოდში $1 მილიონს იღებდნენ. ეს მაშინდელი ტელეინდუსტრიისთვის რეკორდული თანხა იყო და წლების განმავლობაში ამ ხელფასების ამბავი მაყურებლებსა თუ პროდიუსერებში ლეგენდად დადიოდა.

ახლა კი, როცა სატელევიზიო სერიალების ოქროს ხანა დგას, მსგავსი ჰონორარი გასაკვირი აღარაა და ზოგ მსახიობს შეიძლება ეცოტავოს კიდეც.

მსახიობთა ჰონორარები სერიალის პოპულარობისა და მათი ხარისხის მიხედვით დგინდება. თუმცა უპირატესობა მაინც სერიალის რეიტინგს ენიჭება. მაგალითად, ახლახან გაირკვა, რომ დიდი კინოდან სერიალებში გადანაცვლებულ რობერტ დე ნიროს ამაზონის ახალ სერიალში თითო ეპიზოდისთვის $750 ათასს გადაუხდიან, ხოლო მერილ სტრიპს, რომელიც ჯ. ჯ. აბრამსის მინისერიალში The Nix თამაშობს - $825 ათასს.

ორივე მსახიობის ჰოლივუდის ლეგენდაა, მაგრამ ეს მათ "სატელევიზიო ფასს" არ განსაზღვრავს. შედარებისთვის, Game of Thrones-ის მსახიობებს, პიტერ დინკლინჯს (ტირიონ ლანისტერი), ემილია კლარკს (დაენერისი), კიტ ჰარინგტონს (ჯონ სნოუ), ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს (ჯეიმი ლანისტერი) და ლინა ჰეიდლის (სერსეი ლანისტერი) სერიაში $1.1 მილიონს უხდიან.

$1 მილიონს უხდიან შელდონს და მის მეგობრებს The Big Bang Theory-დან. The Walking Dead-ის ნორმან რიდუსი (დერილი) ეპიზოდში $550 ათასს იღებს, ხოლო ენდრიუ ლინკოლნი (რიკი) - $650 ათასს.