ვირუსებს სხვა ბევრ ბიოლოგიურ ორგანიზმთან შედარებით საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვთ. ისინი შედგებიან ცილის გარსისგან და გენეტიკური მასალისგან: რნმ-ისგან ან დნმ-ისგან. SARS-Cov-2 ვირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, ერთჯაჭვიანი რნმ-ისგან შედგება და დაახლოებით 30 000 აზოტოვანი ფუძე აქვს. შედარებისთვის, ადამიანების დნმ 6,4 მილიარდი აზოტოვანი ფუძისგანაა აგებული.

შესაბამისად, ვირუსის ხელოვნური კლონირება ლაბორატორიაში უფრო მარტივია. ბევრს შეიძლება ბუნებრივი კითხვა გაუჩნდეს: რატომ უნდა მოუნდეს საღად მოაზროვნე ადამიანს მაღალი ვირულენტულობის მქონე ვირუსის, რომელმაც მსოფლიო ბოლო დროს ყველაზე მასშტაბურ კრიზისში ჩააგდო, სინთეტური კლონების შექმნა?

SARS-CoV-2-ის სინთეტური კლონები, რომლებიც შვეიცარიაში, მაღალი უსაფრთხოების ლაბორატორიაში შეიქმნა, მეცნიერებს პოტენციური წამლების და ვაქცინის ტესტირებაში დაეხმარება. ანუ მკვლევრებს მსოფლიოს გარშემო უშუალოდ ახალი კორონავირუსის შტამთან მუშაობა კი არა, არამედ მის სინთეტურ ანალოგთან მუშაობა შეეძლებათ. ეს ვაქცინის და მკურნალობის მეთოდების შემუშავებს დააჩქარებს.

ვირუსების კლონირებას ძირითადად გავრცელებული ბაქტერიის ეშერიხია კოლის მეშვეობით ახერხებენ. ეს მეთოდი საკმაოდ გავრცელებულია: მკვლევრები ბაქტერიას ვირუსით "აინფიცირებენ", ბაქტერია იყოფა და მათთან ერთად ვირუსიც მრავლდება. თუმცა, კორონავირუსის ეშერიხია კოლით გამრავლება რთული აღმოჩნდა და ამიტომ მეცნიერებმა ვირუსის კლონირება საფუარის დახმარებით გააკეთეს.

"ვირუსის რეპლიკაცია ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში მოვახერხეთ", — ამბობს ბერნის ვიროლოგიის და იმუნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, ვოლკერ თიელი. "საფუარის უჯრედებზე დაფუძნებული ჩვენი სისტემა კორონავირუსის და სხვა ვირუსების რეკონსტრუქციისთვის იდეალური აღმოჩნდა".

იმის გამო, რომ სინთური რეპლიკაცია ასე სწრაფად მოხერხდა, ფარმაცევტულ კომპანიებს, ლაბორატორიებს და ჯანდაცვის ორგანიზაციებს ვირუსის კლინიკურ მასალებზე წვდომა ვირუსული შტამის ტრანსპორტირების გარეშე შეეძლებათ.

თუ როდის დაიწყება კორონავირუსის სინთეტური კლონების კვლევის მიზნით გამოყენება, ჯერ უცნობია, თუმცა ბერნის ინსტიტუტში ამბობენ, რომ WHO-მ კვლევისადმი ინტერესი ჯერ კიდევ თებერვალში გამოთქვა.