სამხრეთ კორეის დაზვერვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო იყო და არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20 დღის განმავლობაში სახელმწიფო მედიის ობიექტივში არ გამოჩენილა. მან ბაბუამისის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიებაც გამოტოვა. სწორედ ამის გამო გავრცელდა ინფორმაცია არაერთ მედიასაშუალებაში, რომ მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთან, წერდნენ, რომ ფხენიანის ლიდერი გარდაიცვალა.

თუმცაღა თითქმის სამი კვირის შემდეგ ის ერთ-ერთი საწარმოს გახსნაზე გამოჩნდა.

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მოხსენებით პარლამენტის კომიტეტის წინაშე 5 მაისს წარსდგა. როგორც სხდომაზე გაჟღერდა, ამ წელს კიმ ჩენ ინი კამერების წინაშე 17-ჯერ გამოჩნდა, როცა ნორმალურ პერიოდში უკვე 50-ჯერ გამოჩნდებოდა.

პარლამენტში არ გამორიცხეს, რომ კიმ ჩენ ინის "გაქრობა" კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად ჯერ დადასტურებულიც არაა.