სოციალური აგენტები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს რამდენიმე მოთხოვნით, მათ შორის ფიქსირებული ხელფასის გონივრულად გადაანგარიშების თხოვნით მიმართავენ. მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას სოლიდარობის ქსელი ავრცელებს.

მათი განცხადებით, სოციალური აგენტების 2020 წლის აპრილის თვის ხელფასმა 80 ლარი შეადგინა. თუმცა, არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ისინი ვერ ახერხებენ სამუშაოზე გასვლას, რადგან საბაზისო 80 ლარის გარდა დამატებითი ხელფასი გამომუშავებაზე არის.

მათივე თქმით, სოციალური აგენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები მოქალაქეების მდგომარეობას აფასებენ, შემწეობას უკვე თავად საჭიროებენ.

სოციალური აგენტები მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამანისტროს შუამდგომლობა გაუწიოს მათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შემდეგ მოთხოვნებზე:

  • ერთთვიანი ხელშეკრულებების ნაცვლად გაფორმდეს შრომის კოდექსის მე-6-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის შესაბამისი ხელშეკრულებები;
  • გადაანგარიშდეს თითოეული სოციალური აგენტისა და უფროსი სოციალური აგენტის მიერ 3 თვის საშუალო ხელფასი (როგორც ამას დამსჯელობითი ღონისძიებების, ბიულეტენის და შვებულების დროს აკეთებთ) და აპრილისა და მომდევნო #დარჩისახლში-ს პერიოდი აგვინაზღაურდეს შესაბამისად. აპრილის თვის დანაკლისი დაირიცხოს სასწრაფოდ;
  • საინფორმაციო წყაროებს საჯაროდ მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია, რომ აგენტი ქულას არ ითვლის, რათა შეწყდეს უსამართლო ლანძღვა და ზეწოლა ბენეფიციარების მიერ. აღდგეს ჩვენი შებღალული რეპუტაცია;
  • ფიქსირებული ხელფასის გონივრულად გადაანგარიშებას, მინიმუმ ხელზე ასაღები 360 ლარი. უფროსი სოციალური აგენტის შემთხვევაში, უფრო რთული, მოცულობითი და საპასუხისმგებლო სამუშაოს გამო 500 ლარის ოდენობით;
  • ოჯახში მცხოვრები (0-18 წლამდე ასაკის) ბავშვების დეკლარაციის ანაზღაურებას დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად. ხელზე ასაღები 4 ლარის ოდენობით
  • დასრულებული რეაგირება (დეკლარაცია, ოქმი, დანიშვნა, წერილობითი აქტი) 10 ლარის ოდენობით;
  • გადახედეთ სანქციებს და წახალისებას, რათა თავი არ ვიგრძნოთ ექსპლუატირებულად;
  • პროგრამის ხარვეზებთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ აგენტების აზრი, ჩვენთან ერთად მოახდინეთ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რათა უფრო ნაკლები ცდომილებით გაიცეს მიზნობრივი საარსებო შემწეობა.