სახალხო დამცველის შეფასებით, მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, თუმცა, გეგმაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველის განმარტებით, გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე რჩებიან.

მისი შეფასებით, მსგავსი სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით არ არის მართებული, რადგან გეგმით გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა ეფუძნება შშმ პირის შეფასების სამედიცინო მოდელის მიხედვით დადგენილ სტატუსს.

"დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს. მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია შშმ პირებისთვის მოქმედი სხვადასხვა პროგრამა, სერვისები ნაწილობრივ ხორციელდება დისტანციურად, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ამ პირთა მომსახურებას, ოჯახები ვერ უმკლავდებიან შშმ პირთა სოციალურ საჭიროებებს, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ქმედით ღონისძიებებს არ ატარებენ", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს დაგეგმილი საქმიანობის გადახედვას და მასში ცვლილებების შეტანას და მთავრობას მოუწოდებს, რომ გადახედოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და მასში შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად გაითვალისწინოს.