Facebook-მა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები წაშალა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც არაავთენტური ანგარიშების მიერ კოორდინირებულ ქმედებას ეხება. კომპანიის განცხადებით, გაუქმდა 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ–ანგარიში, რომელიც გამოძიებამ პარტიასთან ასოცირებულ ინდივიდებთან დააკავშირა.

"მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები კონტენტზე კომენტარის გასაკეთებელად და ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად იყენებდნენ ავთენტური და არაავთენტური ანგარიშების კომბინაციას. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება.

უმეტესწილად, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ეხებოდა ლოკალურ მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ თემებს, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მოქმედი ხელისუფლების პანდემიის მართვის ტაქტიკის კრიტიკა და სხვა. მოცემული გვერდების ნაწილს 2018 წლის შემდგომ არ უმოქმედია", — წერია კომპანიის განცხადებაში.

რაც შეეხება ამ ანგარიშებისა და ჯგუფების სტატისტიკურ ნაწილს, კომპანიის განცხადებით:

  • ამ გვერდებიდან ერთს მაინც აფოლოვებდა დაახლოებით 785 000 ანგარიში;
  • ამ ჯგუფებიდან ერთ–ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 6 300 ანგარიში;
  • მოცემულ ინსტაგრამ ანგარიშებს ჰყავდა დაახლებით 26 000 გამომწერი;
  • მოცემული ანგარიშებიდან განთავსებულ Facebook რეკლამებში დაიხარჯა დაახლოებით $23 800 ამერიკული დოლარი;
  • მოცემული ანგარიშების მიერ ორგანიზდა დაახლოებით 22 Facebook ღონისძიება, რომლიდან ერთ–ერთიც მაინც დაინტერესდა 11 600 ანგარიში. არ დასტურდება რეალურად შედგა თუ არა მოცემული 22 ღონისძიება.

ფოტო: კადრები Facebook-ის ანგარიშიდან

FB-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოთხსენებული ანგარიშების ქმედებები გამოძიებამ მოცემულ რეგიონში მიმდინარე საეჭვო ქმედებათა შესწავლის დროს აღმოაჩინა. ასევე, მათი თქმით, გამოძიებას დაეხმარა ლოკალურად შესული რეპორტები.

გარდა ამისა, ფეისბუქმა წაშალა კოკა ყანდიაშვილის მედია Espersona-სთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფეისბუქი არაავთენტურ ან კოორდინირებულ ქმედებაში შენიშნულ ანგარიშებს ბლოკავს. აქამდე ორგანიზაციამ მმართველ გუნდთან, ქართულ ოცნებასთან და სარეკლამო ორგანიზაცია პანდასთან დაკავშირებული ასეულობით ანგარიში და გვერდი წაშალა.