დისნეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Star Wars-ის ახალი ფილმის რეჟისორი ახალ ზელანდიელი კინოხელოვანი ტაიკა ვაიტიტი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა, როცა ტაიკა ვაიტიტიმ The Mandalorian-ის ბოლო, მერვე ეპიზოდი გადაიღო, თუმცა მაშინ ოფიციალურ წარმომადგენლებს ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური ომების ახალი ფილმის სცენარზე ოსკარის ნომინანტი კრისტი უილსონი იმუშავებს, რომელიც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის 1917-ის სცენარისტია.

როგორც ცნობილია, დისნეის დაგეგმილი აქვს, რომ 2022, 2024 და 2026 წელს ვარსკვლავური ომების ახალი ფილმები გამოუშვას. ჯერჯერობით უცნობია, რომელიმე მათგანი იქნება ვაიტიტის რეჟისორობით თუ ეს სრულიად ახალი პროექტია.

ასევე აპრილში გახდა ცნობილი, რომ დისნეი ამ სამყაროს შესახებ ახალი სიუჟეტური ხაზის მქონე სერიალზე იწყებს მუშაობას, რომლის რეჟისორი და სცენარისტი Russian Doll-ის შემქმნელი ლესლი ჰედლენდი იქნება.

ტაიკა ვაიტიტის რეჟისორობით შარშან გამოსული კომედიური დრამა Jojo Rabbit გასული წლის ნამდვილი აღმოჩენა გახდა: მაყურებლების მოწონებასთან ერთად, ფილმმა ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. რეჟისორი ამჟამად მარველის ბლოკბასტერის Thor: Love and Thunder-ის გადაღებაზე მუშაობს.