უცხოურ მედიაში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი ნიკოლას ქეიჯი ახალ სერიალში ცნობილი რეალური პიროვნების — ჯო ეგზოტიკის როლს შეასრულებს, რომლის შესახებაც მაყურებლების დიდმა ნაწილმა ნეტფლიქსის სატელევიზიო შოუ Tiger King-დან გაიგო.

Variety-ის ცნობით, ახალ რვაეპიზოდიან სერიალზე CBS მუშაობს და მას ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული ამ სახელწოდების მქონე სტატიის მიხედვით იღებენ: "ჯო ეგზოტიკი: შავბნელი მოგზაურობა შეშლილი კაცის სამყაროში".

ეს ახალი სატელევიზიო შოუ მთლიანად ჯო ეგზოტიკის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ეგზოტიკური ცხოველების ზოოპარკი ჰქონდა, მოგვიანებით კი ცხოველებზე სასტიკი მოპყრობისა და ადამიანის მკვლელობის გამო დააპატიმრეს.

სწორედ მის როლს შეასრულებს ნიკოლას ქეიჯი, რომელსაც მაყურებლები ათეულობით ფილმში შესრულებული როლით იცნობენ, მათ შორის ისეთ ცნობილ კინოსურათებშიც, როგორებიცაა Adaptation, Raising Arizona და Leaving Las Vegas. ამ უკანასკნელში თამაშისთვის კი მას ოსკარიც გადეცა კაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში.

ჯო ეგზოტიკის ცხოვრებითა და საქმიანობით მთელი მსოფლიო განსაკუთრებულად მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნეტფლიქსის პლატფორმაზე დოკუმენტური სერიალი Tiger King გამოჩნდა. პროექტი წარმოუდგენლად პოპულარული აღმოჩნდა: გამოსვლიდან ოთხ კვირაში მას 64 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

როგორც ჩანს, ეს ისტორია აქ არ დამთავრებულა და მალე ჯო ეგზოტიკის შესახებ ახალ ან განსხვავებული კუთხით მოყოლილ ამბებს მოვისმენთ.

ფოტო: Giphy