იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის კრიტიკას ანტიკრიზისულ გეგმაზე იმით პასუხობს, რომ ოპონენტებს "ქვეყნის წარმატება შურთ". ამის შესახებ დეპუტატი ფეისბუქის გვერდზე წერს, სადაც, ასევე, მისი აზრით პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლსაც განმარტავს:

"პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვფიქრობ, ნიშნავს: არგუმენტებით მწვავე კრიტიკას, უკეთეს ალტერნატიულ წინადადებებს, სიტუაციიდან უკეთეს გამოსავალს და ა.შ. და მიმაჩნია, რომ ასეთ ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყნაზე ზრუნვა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, როდესაც: ქვეყნის განვითარება, თუ ეს თვითონ არ/ვერ შეძლეს და აღარც აქვთ ამის რესურსი, ვერ იტანენ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წარმატებას. [...] სამწუხარდ, ეს ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ!"

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა დაიწყოს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირეძე ამბობს, რომ დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი განსაკუთრებული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, "ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს". ნაციონალური მოძრაობა მზადაა, ბოიკოტის რეჟიმიდან დროებით გამოვიდეს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა. რატი იონათამიშვილის თქმით, პარლამენტი დღეს ძალიან აქტიურად მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და კრიზისების მართვაში ჩართულია.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ან არ ესმის საგანგებო სესიების არსი, ან ეს "მორიგი სპეკულაციაა".