უსაფრთხოების ზომების დაცვის საყოველთაო მოწოდების შემდეგ ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მრავალგვარი პირბადე ვნახეთ: სახელმწიფოს წარმოებული, კუსტარულად დამზადებული თუ კერძო კომპანიების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა დიზაინის ნიღბები.

თუმცა მათ შორის არცერთი ყოფილა ისეთი განსაკუთრებული და სახალისო, როგორიც დისნეის ახალი პროდუქციაა: კომპანიამ Pixar-ის, Marvel-ისა Star Wars-ის სამყაროს ცნობილი პერსონაჟების ვიზუალებით გაფორმებული ნიღბები შექმნა.

როგორც დისნეიში აცხადებენ, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია MedShare-თან თანამშრომლობით ერთ მილიონ ნიღაბს იმ ადამიანებს გადასცემენ, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ფოტო: Disney

ამავდროულად კი ნიღბები ონლაინაც გაიყიდება და შემოსული თანხიდან ერთი მილიონი დოლარი კვლავ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება.

ფოტო: Disney

"ვაცნობიერებთ, რომ ამ მძიმე დროს ოჯახებისთვის ნებისმიერი ტიპის პირბადის ტარება კიდევ უფრო მეტი შფოთვის გამომწვევი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ დისნეის ამ პირბადეების ტარება მათთვის უფრო კომფორტული იქნება", — აცხადებს დისნეის ონლაინ მაღაზიის ვიცეპრეზიდენტი ედუარდ პარკი.

ფოტო: Disney

ეს ახალი ნიღბები არ არის სამედიცინო დანიშნულების: ის ნაჭრისგანაა დამზადებული და მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გამოდგება.

ფოტო: Disney

პირბადეებზე დისნეის ისეთი ცნობილი პერსონაჟები არიან გამოსახულნი, როგორებიცაა ელზა და ანა Frozen-დან, სუპერგმირები Avengers-დან, პატარა იოდა The Mandalorian-დან და ა.შ.

ფოტო: Disney

ნიღბების გაყიდვა 15 ივლისიდან დაიწყება, თუმცა მისი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია დისნეის ონლაინ მაღაზიიდან: ოთხი ნიღბის კომპლექტი 19.99 დოლარი ღირს.