კორონავირუსის გავრცელებამ ერთ-ერთი პირველი კვებისა და მომსახურების სექტორი დააზარალა: მთელ მსოფლიოში ათასობით კაფე და რესტორანი დროებით დაკეტილია ან მხოლოდ დისტანციურად მიწოდების სერვისზე მუშაობს.

იგივე მდგომარეობაა ნიდერლანდებშიც, თუმცა მაისის მეორე ნახევარში იქ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას და საკვები ობიექტების ხელახლა ამუშავებას ელოდებიან: უსაფრთხოების ზომების დაცვით კაფეებსა და რესტორნებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა კვლავ შეეძლებათ.

ამსტერდამთან ახლოს მდებარე Mediamatic ETEN, რომელიც ერთდროულად ვეგანურ კაფესა და ხელოვნების გალერეას აერთიანებს, 21 მაისიდან (მსგავსი დაწესებულები მთვრობის განკარგულების თანახმად 20 მაისამდე დაკეტილია) კლიენტებს უჩვეულო გარემოთი დახვდება: ლანჩს ან საქმიან ვახშამს იზოლირებულ ორანჟერეაში მიირთმევენ.

ფოტო: Anne Lakeman, Willem Velthoven / Mediamatic

თითოეული შემინული ორანჟერეა ცალ-ცალკე იქნება განთავსებული და სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაიცვან: დახურულ სივრცეში ხალხმრავლობას აარიდონ თავი.

ფოტო: Anne Lakeman, Willem Velthoven / Mediamatic

NL Times-თან ინტერვიუში Mediamatic-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ წამოწყებამ უკვე ბევრი ადამიანი მოხიბლა:

"მხოლოდ მაისის მიწურულისა და ივნისის ბილეთების შეძენა იყო შესაძლებელი წინასწარ და უკვე ყველა მათგანი გაყიდულია".

ფოტო: Anne Lakeman, Willem Velthoven / Mediamatic

ერთ ორანჟერეაში მაქსიმუმ სამი ადამიანისთვისაა ადგილი გამოყოფილი. როგორც რესტორნის მესვეურები აცხადებენ, მათ უფრო დიდი მოცულობის ორანჟერეაც აქვთ, თუმცა ჯერჯერობით უსაფრთხოების გამო მხოლოდ ამ სივრცეების ათვისებას დასჯერდებიან.

ფოტო: Anne Lakeman, Willem Velthoven / Mediamatic

ამ საინტერესო იდეებით სავსე დაწესებულებამ საცდელი ჩვენებისთვის ფოტოები გადაიღო და საჯაროდ გაავრცელა, სტუმრებს კი მაისის ბოლოდან მიიღებს.

ფოტო: Anne Lakeman, Willem Velthoven / Mediamatic

ფოტო: Anne Lakeman, Willem Velthoven / Mediamatic

ფოტო: Anne Lakeman, Willem Velthoven / Mediamatic